დანელია სერგი იოსების ძე [15(27). X. 1888, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1963, თბილისი], ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1927), პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1944).
დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტის ფილოს. განყ-ბა (1911). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ხერსონის (1911–12), ფოთის (1912–14), მიხაილოვოს (ახლანდ. ხაშური) (1914–15), ახალციხის (1915–17) გიმნაზიებში. ასწავლიდა რუს. ენასა და ლიტ-რას, ლათინურსა და ისტორიას.
1927 თსუ-ში შემოიღეს რუს. ლიტ-რის ისტორიის კურსი, რ-ის წაკითხვა დ-ს დაევალა. მან პირველმა წაიკითხა ასევე პედ. და პედ. მოძღვრებათა ისტ. კურსები. 1922 თსუ-ის ფილოს. ისტ. კათედრაზე მიიწვიეს ფილოს. დისციპლინათა მასწავლებლად. 1933–47 ხელმძღვანელობდა თსუ-ის რუს. ლიტ-რის ისტორიის კათედრას. 1949 ბრალად დასდეს კოსმოპოლიტობა და უნ-ტიდან დაითხოვეს.
1954 მუშაობა დაიწყო ფილოს. ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ – უნ-ტში რუს. ენის მასწავლებლად.
მისი ფილოს. კვლევის ძირითადი სფერო იყო ანტ. ფილოს. წინასოკრატული ხანა. ანტ. ფილოსოფიის ისტორიას იგი ყოფს კოსმოლოგიურ და ანთროპოლოგიურ პერიოდებად. კოსმოლოგიურ პერიოდში დასმული იყო ყოფიერების, ბუნებისა და სუბსტანციის საკითხები, ანთროპოლოგიურში – ადამიანის ღირებულების საკითხიდ-ს მსოფლმხედველობა ორიენტირებულია ღირებულების ფილოსოფიაზე. ახ. ფილოსოფიაში ამ ხაზით განიხილავდა ჟ.-ჟ. რუსოს, კ. ა. ჰელვეციუსისა და ი. კანტის მოძღვრებებს. მას შემუშავებული ჰქონდა მეცნ. ფილოს. ისტორიის აგების პრინციპები: განხილვის ობიექტურობა, ისტ. მასალის იმ თავისთავად ღირებულებათა შემეცნება, რ-ებიც ამოძრავებდნენ განსახილველ ეპოქას და ამ ეპოქის მოაზროვნეებს; მემკვიდრეობითობის დადგენა ისტ. სისტემებს შორის; ფილოს. ისტორიის განხილვა იმანენტურ კანონზომიერებათა შუქზე და წინასოკრატული ფილოს. წყაროთა კრიტიკის მიმართ ისტ.- ფილოლ. მეთოდის გამოყენება.
დ-ს ნაშრომი „ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან" (1936) გასული საუკუნის რუს. ლიტ-რის ისტ. პირველი სისტემ. კურსია ქართ. ენაზე (4 გამოცემა). ცალკეული გამოკვლევები მიუძღვნა ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის, მ. ლერმონტოვის, ნ. გოგოლის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოისა და სხვა რუსი მწერლების შემოქმედებას.
მის შრომებში მოცემულია რუს. ლიტ-რის ზოგიერთი თვალსაჩინო ძეგლის ორიგინ. ფილოს.-სოციოლოგიური ინტერპრეტაცია. თარგმნა გ. ლაიბნიცის „მონადოლოგია" (1940), არისტოტელეს „პოეტიკა" (1944), დეკარტის „მეტაფიზიკური განაზრებანი" (1955), დაუმთავრებელი დარჩა ბ. სპინოზას „ეთიკა" (ინახება მისსავე არქივში) და სხვ.
დაკრძალულია ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში (დემოკრიტე), ტფ., 1925 (მე-2 გამოც., თბ., 1933); ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა, ტფ., 1925 (გარეკანზე: 1926); ანტიკური ფილოსოფია სოკრატის წინ, ტფ., 1926; ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი, თბ., 1927; სოკრატეს ფილოსოფია, ტფ., 1935 (გარეკანზე: 1936); ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1936; კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა, თბ., 1977; ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1978; ანტიკური ფილოსოფიის ნარკვევები, თბ., 1983; Философские исследования, Тб., 1977; Очерки из истории античной и новой философии,Тб., 1986.
ლიტ.: კ ა რ ტ ო ზ ი ა ბ., სერგი დანელია, თბ., 1970 (გამოც. მე-2, თბ., 1989); კ ა რ ტ ო ზ ი ა ბ., კ ე კ ე ლ ი ა ი., სერგი დანელიას ეროვნული მრწამსი, თბ., 2008; კ ო დ უ ა ე., სერგი დანელია, თბ., 1975; უ რ ი დ ი ა ბ., მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიიდან, თბ., 1986.
ე. კოდუა