დრამა

დრამა დ რ ა მ ი, ფულისა და მასის ერთეულის სახელწოდება ფეოდალურ საქართველოში.

ტერმინი შემოსულია სასანიანთა ირანიდან, ირანში კი ბერძნულიდან შევიდა (იხ. დრაქმა ). დ. ეწოდებოდა სხვადასხვა ქართ. და უცხოურ მონეტებს (სასანურ, ქართ.-სასანურ, არაბ. და XI–XII სს. ქართ. ვერცხლის სრულნომინალიან მონეტებს). XII ს. 30-იანი წლებიდან 1230-მდე, „ვერცხლის კრიზისის" წლებში, დ. ეწოდებოდა იძულებითი კურსის სწორი ჭედვის სპილენძის მონეტებს, 1230-იდან XVI ს-მდე კი კვლავ ვერცხლის მონეტებს აღნიშნავდა.

დ-ს საქართველოში მასის ერთეულად რუს. საზომი სისტემის დამკვიდრებამდე (XIX ს. 30–50-იანი წწ.) იყენებდნენ – შეიცავდა 4 დანგს. XVII ს-მდე დ-ს მასა უდრიდა დაახლ. 2,97 გ, XVII–XVIII სს-ში – 3,07 გ. დ-ისა და მეფე ერეკლე II-ის აბაზიანების წონა ტოლი იყო.

ლიტ.: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9, თბ., 1996); ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.

გ. ჯაფარიძე