არსენიშვილი დავით ილიას ძე

არსენიშვილი დავით ილიას ძე (13. XII. 1905, ტყიბული, – 16. XI. 1963, თბილისი), თეატრალური რეჟისორი, თეატრის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ყოფ. სსრკ-ში სამუზეუმო და საგამოფენო საქმის ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი. 1923 დაამთავრა დრამ. სტუდია მოსკოვში. 1924 მუშაობდა პროლეტ-კულტის თბილ. თეატრში, ხოლო 1925 – 27 – თბილ. „რევოლუციურ თეატრ-სტუდიაში“ რეჟისორად და ერთდროულად კითხულობდა ლექციებს ქართ. თეატრის ისტორიაში. 1927 დააარსა სათეატრო მუზეუმი თბილისში, რ-ის დირექტორი იყო დაარსებიდან 1935 წ. 1 მარტამდე. 1928 – 29 შეაგროვა მასალა ა. გრიბოედოვისადმი მიძღვნილი გამოფენისათვის და სათავე დაუდო ლიტ. მუზეუმს მთაწმინდაზე. 1936 – 38 სწავლობდა სამხატვრო თეატრის სტუდიაში კ. სტანისლავსკის ხელმძღვანელობით და მიიღო რეჟისორის განათლება. სხვადასხვა ქალაქში ა-ს იწვევდნენ სათეატრო ნაგებობათა პროექტების კონსულტანტად (1933 მოსკოვში გამოვიდა რევ. თეატრების საერთაშ. ოლიმპიადაზე მოხსენებით: „ახალი თეატრის არქიტექტურა“), 1942 – 49 მუშაობდა თბილ. საქალაქო საბჭოში კულტ. ძეგლთა დაცვის სექტორის უფროსად (ომის წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა თბილ. ისტ. ძეგლების შენიღბვას საჰაერო თავდასხმისაგან დასაცავად). ა-მა შეაგროვა მასალა თბილ. სამხატვრო სალონის შესაქმნელად (გაიხსნა 1944). იყო მოსკ. ანდრია რუბლიოვის სახ. ძვ. რუს. ხელოვნ. მუზეუმის (ახლანდ. ანდრია რუბლიოვის სახ. ძვ. რუს. კულტ. ცენტრ. მუზეუმი) შემქმნელი და პირველი დირექტორი 1949–59 (ამჟამად მუზეუმში მოწყობილია ა-ის მემორიალური კუთხე).

ა-მ მიაკვლია ქართველ მეფეთა - ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საფლავებს ასტრახანში.

1927–58 ა-მა მოაწყო სამხატვრო და თემატური გამოფენები (თბილისი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, ლენინგრადი), რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ი. ჭავჭავაძე“ (1936, მოსკოვი, ლენინის სახ. ბ-კა), „შოთა რუსთაველი“ (საიუბილეო გამოფენა, 1937, მოსკოვი). ა-მა შეარჩია და მოამზადა ქართ. მასალა პარიზის, ლონდონის, ბერლინის, მიუნხენის, კელნის, რომის, ნიუ-იორკის გამოფენებზე გასაგზავნად. სამეცნ. სტატიებს წერდა ქართ., რუს., გერმ. და ფრანგ. ენებზე.

ლიტ.: Вачнадзе Н. З., Д. И. Арсенишвили. Эскизы к творческому портрету, Тб., 1990.

ნ. ვაჩნაძე