დავლაინიძე ლიანა სევერიანის ასული (დ. 26. XII. 1930, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1992).
1952 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი. 1954–55 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში. შეისწავლა და გამოაქვეყნა თმოგვის ციხის მიდამოების სომხ. ეპიგრაფიკული ძეგლები (1959).
1956–90 მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს სომხ. საისტ. მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შესავალი წერილითა და შენიშვნებით: მხითარ გოშის „ალვანეთის ქრონიკა" (1968), ზაქარია აგულეცის „დღიური" (1979), იაკობ შემახელის „თამაზ ყული-ხანის ლაშქრობანი" (1978), აბრაჰამ ერევანცის „ომების ისტორია" (1976).
ეს ნაწარმოებები მოიცავს მდიდარ მასალას საქართვ. ისტორიის შესახებ. აქვს მხატვრული თარგმანიც. 1990–2006 მუშაობდა საქართვ. ტექ. უნ-ტში. კითხულობდა საქართველოს ისტ. კურსს (უძველესი დროიდან XIX ს-მდე).
დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლით (1976).
თარგმ . (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): მოსე კალანკატუელის „ალვანთა ქვეყნის ისტორია", თბ., 1985; მხითარ აირივანელის „ქრონოგრაფიული ისტორია", თბ., 1990.
თხზ.: Значение армянских источников ХVIII века для истории Грузии, Тб., 1985.