დავითიანი

დავითიანი, ო რ მ ო ც  მ ო წ ა მ ე თ ა  ე კ ლ ე ს ი ა, VII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სოფ. ვაზისუბნის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) მახლობლად, მდ. წილიანას (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე.

ეკლესია დაზიანებულია. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რ-იც გარედან კედლებით შექმნილ რვაკუთხედშია მოქცეული, მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია დასრულებული საკურთხევლის აფსიდით. ცენტრ. კვადრატიდან რვაწახნაგა, ოდნავ დაგრძელებული გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებული იყო ტრომპების მეშვეობით.

ძეგლი ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები – კუთხეები – შირიმის ქვითაა ამოყვანილი. ინტერიერში ეკლესიის ოთხივე თაღი შირიმისავე ქვის კაპიტელებს ეყრდნობა. შესასვლელი ორია – სამხრეთისა და ჩრდილოეთისა. აღმ. აფსიდში სარკმელია გაჭრილი.

გადახურული იყო კრამიტით. გეგმითა და პროპორციებით ახლოს დგას ვაჩნაძიანის ყველაწმინდის პატარა გუმბათოვან ეკლესიასთან. ორივე ეს ძეგლი, ისევე როგორც ზეგნის წმ. მარინეს, იყალთოს სამების ეკლესიები, გეგმით ტეტრაკონქის ტიპს ენათესავება, მაგრამ წარმოდგენილია უფრო გამარტივებული სახით და გაცილებით მცირე ზომისანი არიან. ამავე დროს ამ ძეგლებში ჩანს კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სწრაფვა ზემოთ დაგრძელებული მოხდენილი ფორმებისადმი.

რესტავრირებულია XX ს. 80-იან წლებში.

ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.