დავითი (ნ ე მ ს ა ძ ე) (გ. 1696), აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1673–96.
დ-მა აღადგინა ოდიშის სამთავროში დას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლესი საეკლ. უფლებები, რ-ის ხელყოფა სცადა ოდიშის მთავარმა – ლევან III დადიანმა. 1675 დ-მა ლევან III-ს პირობა დაადებინა კათოლიკოსის საქმეში ჩაურევლობაზე. მისგანვე საკათოლიკოსო მამულად მიიღო ოდიშში ხოფი (ახლანდ. ხობი), ხოლო სადგომად და საძვალედ – ორი სასახლე და ხოფის ღვთისმშობლის ეკლესია.
დ. მტკიცედ იცავდა საკათოლიკოსო საკითხებს. მისი კათოლიკოსობის პერიოდში აფხ. სამთავროში გაძლიერდა ქრისტ. მოსახლეობის შევიწროება ჩამოსახლებული „აფხაზების" (აფსუების) მიერ, საკათოლიკოსო ყმების გაყიდვა.
დ-მა აფხ. მთავარს ყვაპუ შარვაშიძეს ფიცის წიგნი დაადებინა, რომ შეწყვეტდა საკათოლიკოსო ყმების შევიწროებას.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე