დურუჯი, მდინარე აღმ. საქართველოში, ალაზნის მარცხ. შენაკადი, ჩამოუდის ქ. ყვარელს (ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს როგორც ყვარელისწყალს). სიგრძე 27 კმ, აუზის ფართ. 103 კმ² .
დ. წარმოიქმნება შავი და თეთრი დურუჯის შეერთებით, სათავეს იღებს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე. ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ქვედა ნაწილსა და ფსკერზე თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარია, რაშიც კალაპოტია ჩაჭრილი. შუაწელზე ხეობა ვიწროა და ტყით არის შემოსილი, კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინებაში ხეობა შედარებით ფართოა. ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რ-ზეც მდინარე იტოტება. ყვარელს ქვემოთ დ. რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისაკენ.
დ. ძირითადად საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით, წყალმცირეა. საშ. წლ. ხარჯი 1,06 მ³/წმ. იცის წყალმოვარდნა. დ-ის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რ-ის დროსაც მდინარის ხარჯმა შეიძლება 200 მ³/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან
ჩამოაქვს დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა. მრავალჯერ მიაყენა ზარალი ყვარელსა და მის მიდამოებს. სისტემატურად ტარდება ღონისძიებები ღვარცოფის გასაუვნებლად.
დ-ის რიყეზე, ყვარლის თავში, ზ. დ. 430 მ სიმაღლეზე, არის კატასტროფული ღვარცოფის მიერ 1899 ჩამოტანილი გაფიქლებული ქვიშაქვის ლოდი, რ-ის სიდიდეა (5,8×4,2×4) მ³. ლოდი გადაადგილებულია 6–8 კმ მანძილზე. მასა დაახლ. 224 ტ. ხსენებული ღვარცოფის შედეგად წაილეკა ყვარელი, დაიღუპა 6 ადამიანი.
ლოდის მახლობლად 1907 ი. ჭავჭავაძის თაოსნობით აშენდა ღვარცოფსაწინააღმდეგო ჯებირი.
დურუჯის ლოდი შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
თ. კიკილაშვილი