„დურუჯი“

„დურუჯი“, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრის მსახიობთა კორპორაცია.

შეიქმნა 1924 კ. მარჯანიშვილის თაოსნობით. სახელწ. მომდინარეობს მდ. დურუჯიდან (ყვარლის მუნიციპალიტეტი). თავისი არსებობის პირველ ეტაპზე დ. პროგრესული მოვლენა იყო. თავდაპირველად კორპორაციამ წამოაყენა სავსებით ლოიალური საკითხები: კოლექტივის შემოქმედებითი და ორგანიზაციული ერთობა, თეატრის მხატვრული დონის ამაღლება.

„დ." პროტესტს უცხადებდა მდარე პიესებს, იღვწოდა კოლექტივის გასამთლიანებლად და შემოქმედებითი დისციპლინის ასამაღლებლად, რაც სავსებით შეესაბამებოდა კ. მარჯანიშვილის შემოქმედებით-ეთიკურ პრინციპებს, მის პოზიციას. მაგრამ კორპორანტებმა გადააჭარბეს თავიანთ რწმუნებებს და საჯაროდ გამოაცხადეს, რომ „დ." ახ. მიმართულებაა თეატრში და მისგან იწყება თანამედროვე ქართ. თეატრი. სპექტაკლ „ინტერესთა თამაშის" მსვლელობის დროს მანიფესტთან ერთად მათ მოულოდნელ საჯარო განცხადებას: „ძველი თეატრი დაინგრეს!", მოჰყვა მაყურებლის უარყოფითი რეაქცია.

ზოგიერთმა მსახიობმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა. დასში განხეთქილება მოხდა. უკვე არსებულ კოლექტივში შეიქმნა მეორე კოლექტივი, რაც თეატრს არც სიმშვიდეს მოუტანდა და არც კეთილდღეობას. კორპორანტების საქმიანობაში დაარსებისთანავე იჩინა თავი ადმინისტრირების უარყოფითმა ფორმებმა; მათ დაიწყეს მესვეურთა (კ. მარჯანიშვილი) მოქმედების გაკონტროლება და მათ ფუნქციებში ჩარევა.

დაპირისპირების შედეგად კი, კ. მარჯანიშვილის აზრით, „კორპორაციამ დაკარგა თავისი პირველსაწყისი და კოლექტიურ დირექტორად იქცა". თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კორპორანტებისადმი დაქვემდებარებული და ანგარიშვალდებული აღმოჩნდა. მათი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ ეწინააღმდეგებოდა იმ ნორმებს, რ-ებსაც თეატრის ცხოვრებაში კ. მარჯანიშვილი ამკვიდრებდა. შექმნილმა ვითარებამ აიძულა კ. მარჯანიშვილი დაეტოვებინა თეატრი (1926), ხოლო კორპორაცია დაიშალა. „დურუჯელებმა" წერილობით მიმართეს მარჯანიშვილს და დაბრუნება სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

ე. გუგუშვილი