დუმბაძე ანტონ თეოფილეს ძე (7. I. 1933, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 25. XI. 1998, თბილისი), მხატვარ-გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1984).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1960). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. გრიგოლია, ს. ქობულაძე, ვ. ჯაფარიძე, ვ. ქუთათელაძე. 1960-იდან მხატვრად მუშაობდა შრიფტის ექსპერ. ლაბორატორიაში (1972-იდან – გამგე), სადაც ბ. გორდეზიანის ხელმძღვანელობით დაეუფლა ქართ. სასტამბო შრიფტის პროექტირების ხელოვნებას.
1960–88 შექმნა და წარმოებაში დანერგა 18 სატექსტე და 30 სატიტულო, საწერი მანქანებისა და სააფიშო შრიფტი. დ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. და მხატვრული გემოვნება. მის მიერ შექმნილი საშრიფტო გარნიტურები თანამედროვე ქართ. საშრიფტო ხელოვნ. მნიშვნელოვანი შენაძენია, მ. შ. აღსანიშნავია: „უნივერსიტეტი", „ლიტერატურული", „ენციკლოპედიური" (ამ შრიფტით დაიბეჭდა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" ტომები), „ნაკადული", „გორდა", „აკადემიური", „ილია", „ილია II" და სხვ. (ყველა საშრიფტო გარნიტური პრემირებულია და დანერგილია წარმოებაში).
დ . მუშაობდა დაზგურ გრაფიკაშიც. 1990-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).