დუმბაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1824–1907), ქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთი უბადლო მცოდნე და მასწავლებელი.
სამგალობლო ტრადიციების მქონე დუმბაძეების საგვარეულო ოჯახის წარმომადგენელი მოღვაწეობდა გურიაში, შემოქმედის მონასტერში. მასთანაა დაკავშირებული გალობის განსაკუთრებული კილოს შემოღება, შესწავლა, დაცვა და განვითარება. დ. ამ საგვარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო XIX ს. დას. საქართველოში.
თანამედროვეთა შეფასებით იგი არის „თვით პაპა გურულის გალობისა, აღმდგენელი და განმამტკიცებელი მისი მთელს გურია-სამეგრელოში". ის „სრული მგალობელია", რ-ის გარშემოც თავს იყრიან ცნობილი შემსრულებლები: მელქისედეკ ნაკაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე, ნესტორ კონტრიძე, დავით დუმბაძე და სხვ. დ-ის საგვარეულოს მიერ დამკვიდრებულ კილოს შემდგომში დუმბაძის კილო ეწოდა.
ცნობილმა მუსიკოსმა, მომღერალმა და ფოლკლორისტმა ფილიმონ ქორიძემ დ-ისაგან გურიაში ჩაიწერა, ნოტებზე გადაიტანა და კრებულების სახით გამოსცა ასობით საგალობელი, რ-თა მცოდნე იმ დროს სხვა აღარავინ იყო. ესენია: პარტიტურა №1 „ქართული გალობა-ლიტურგია იოანე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელ-მთავრისათვის" (ტფილისი, 1895); პარტიტურა №2 – საგალობელნი პირველშეწირულისა ვასილი დიდისა, მღვდლად კურთხევისა და ქორწინებისა და სხვ.
დიდი ნაწილი დ-ის მიერ გადმოცემული საგალობლებისა დღემდე გამოუქვეყნებელია.
დ. შუღლიაშვილი