დუმბაძე ვასილ (ვასო) დავითის ძე (1880, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1943, ნიუ-იორკი), ეკონომისტი, ბიზნესმენი.
დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1906 დაამთავრა ლაიფციგის უნ-ტი, მიიღო ფილოს. დოქტორის დიპლომი. მუშაობდა კავკ. მეფისნაცვლის ი. ვორონცოვ-დაშკოვის მამულების მმართველად. მისი დავალებით დ-მ შეადგინა ვორონცოვის მამულებში მდებარე დნეპრის ჭორომების ელექტრიფიკაციისათვის გამოყენების გეგმა, რ-ის განსახორციელებლად დაუკავშირდა ამერ. ფინანსისტებს.
დაამუშავა და მთავრობას წარუდგინა პეტროგრადის კანალიზაციის გეგმა, რ-საც უმაღლესმა სამეცნ.-ტექ. კომიტეტმა „იდეალურად დამუშავებული" უწოდა და ავტორთან ხელშეკრულება დადო სამუშაოს დაწყების თაობაზე. დ-ს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იმპერიის გავლენიან პირებთან, განსაკუთრებით სამხ. წრეებთან, კერძოდ კი სამხ. მინისტრ ვ. სუხომლინოვთან.
I მსოფლიო ომის (1914–18) დროს ხელში ჩაიგდო უმსხვილესი სამხ. დაკვეთები. იმავდროულად სამეფო კარის საიდუმლო დიპლ. მისიასაც ასრულებდა – ორჯერ კონფიდენციალურად იყო საზღვარგარეთ, რათა ნიადაგი მოესინჯა გერმანიასთან ზავის დასადებად. აქტიურად მონაწილეობდა ქართულ საქმეებშიც, იყო I მსოფლიო ომის (1914–18) დროს დაჭრილ ქართვ. ჯარისკაცთა დახმარების საზ-ბის ერთ-ერთი ორგანიზატორი პეტროგრადში, მისი გამგეობის წევრი.
თავისი წვლილი შეიტანა პეტროგრადის ქართ. ეკლესიის გახსნაში. მეგობრობდა ცნობილ პოლიტ. მოღვაწესთან – გ. მაჩაბელთან, რ-იც ომში რუს. დამარცხების შემდეგ გერმანიის დახმარებით საქართვ. დამოუკიდებლობის მოპოვებას იმედოვნებდა, ასრულებდა მის საიდუმლო დავალებებს.
1915 ზაფხულში დ. და ვ. სუხომლინოვი დააპატიმრეს, ბრალად დასდეს ჯაშუშობა. სასამართლომ ორივეს ჩამოხრჩობა მიუსაჯა, რაც მეფემ 20-წლიანი კატორღით შეუცვლა. 1917 თებ. რევოლუციის შემდეგ დ-ის საქმე გადასინჯეს და თავდებით გაათავისუფლეს.
1919 ზაფხულში მორიგი აფერისათვის კიევში დააპატიმრეს წითელმა კომისრებმა, მაგრამ ქართველებმა სიკვდილს გადაარჩინეს. შემდეგ ამერიკაში წავიდა და წარმატებით ჩაერთო ბიზნესში. 1934, ამერიკის ქართ. სათვისტომოს თავ-რის გ. მაჩაბლის გადადგომის შემდეგ, დ. თავ-რედ აირჩიეს.
დ . მ. ჯავახიშვილის პერსონაჟის კვაჭი კვაჭანტირაძის ერთ-ერთი პროტოტიპია.
თხზ.: Генерал-адъютант Владимир Александрович Сухомлинов, Петроград, 1914.
ლიტ.: ჩ ხ ა ტ ა რ ა ი შ ვ ი ლ ი ქ., ლეგენდად დარჩენილი, «მნათობი», 1991, №8.
ა. ასლანიშვილი