დუმბაძე ივანე ანტონის ძე (19. I. 1851, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 1. X. 1916), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1907), ა. ნ. დუმბაძის შვილი.
დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია და თბილ. იუნკერთა სასწავლებელი. 1869-იდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა 1877–78 რუს.- ოსმ. ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ მსახურობდა ფოთის სარეზერვო პოლკში. 1903–07 მეთაურობდა მე-16 მსროლელთა პოლკს და 34-ე ქვეითთა დივიზიის მე-2 ბრიგადას. მონაწილეობდა 1904–05 რუს.-იაპონიის ომში, სადაც კონტუზია მიიღო.
სიჭაბუკეში ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართვ. ნაციონალისტებთან, მაგრამ 1900-იანი წწ. დამდეგს ჩამოშორდა მათ, მიემხრო შავრაზმულ „რუსი ხალხის კავშირს", გახდა რუს. იმპერიის უერთგულესი მსახური და უმოკლეს დროში დაწინაურდა. რუსი დემოკრატები მას ნიკოლოზ II-ის ყველაზე სისხლიან ოპრიჩნიკად მიიჩნევდნენ. 1907-იდან დ-მ ქ. იალტის უფროსის პოსტი დაიკავა.
1914-ში კი ერთგული სამსახურისათვის იმპერატორმა მისთვის საკანონმდებლო გზით დააწესა ქ. იალტის ქალაქისთავის („გრადონაჩალნიკის") სპეც. პოსტი, რ-იც დ-ს 1916-მდე ეკავა. „დუმბაზიაში" (ასე უწოდებდნენ ყირიმს ლიბერალები) იმპერიის ფრთამოკვეცილი კანონებიც კი არ მოქმედებდა. იქ ყველაფერი ისე კეთდებოდა, როგორც მეფის ამ უერთგულეს მსახურს სურდა.
1907, როცა ესერებმა დ-ზე თავდასხმა მოაწყვეს, გენერალმა ბადრაგს უბრძანა, ალყა შემოერტყათ იმ სახლისათვის, საიდანაც ბომბი ისროლეს, და ყველა დაეწვათ. დ-ის მოღვაწეობამ ისეთი სკანდალური ხასიათი მიიღო, რომ თვით ოქტიაბრისტებიც კი იძულებული გახდნენ დაინტერესებულიყვნენ მისი საქმიანობით და დაესვათ მისთვის შეკითხვა სათათბიროში. გენერალმა დაადასტურა წაყენებული ფაქტების სისწორე და დაუმატა: საჭიროდ არ ვთვლი ველოლიავო ლიბერალებსა და მემარცხენეებსო. 1912 დ-ს იმპერატორის ამალის გენ.-ადიუტანტობა ებოძა.
რომანოვების ტახტის გადასარჩენად დ. საჭიროდ მიიჩნევდა გ. რასპუტინის თავიდან მოშორებას და ამის თაობაზე ნიკოლოზ II-ს მოახსენა. მას სთხოვეს არ ჩარეულიყო იმპერატორის ოჯახის საქმეებში. ამის გამო დ-მ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ემოქმედა და პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ს. ბელეცკის შესთავაზა, მოეკლა რასპუტინი იალტიდან კატარღით გადასვლის დროს. წინადადებას შედეგი არ მოჰყოლია.
1916 დ. ავადმყოფობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
დ. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის, წმ. ანას და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ჰყავდა ძმები – გენერლები იოსებ, მიხეილ, ნიკოლოზ და სამსონ დუმბაძეები.
მ. გოგიტიძე
შ. ცირეკიძე