დუმბაძე მამია ქიშვარდის ძე [3(16). VI. 1915, სოფ. ზენობანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 25. III. 1990, თბილისი], ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1980). ისტ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974).
1938 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1942-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1958–89 საქართველოს შუა საუკ. ისტორიის განყ-ბის გამგე იყო. იკვლევდა საქართვ. ფეოდ. ხანის სოც.-ეკონ., პოლიტიკურ და კულტ. ისტორიის საკითხებს.
არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი და კოლექტიური გამოკვლევების – „თბილისის ისტორიის", საქართვ. ისტ. რამდენიმე სახელმძღვანელოს (ქართ. და რუს. ენებზე) თანაავტორი, აგრეთვე „საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის რედკოლეგიის წევრი, IV ტომის (1973) რედაქტორი და თანაავტორი (საქართვ. სახელმწ. პრემია, 1982).
თხზ.: ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, ბათ., 1950; აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან (XIX ს. რეფორმამდელი პერიოდი), თბ., 1953; დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957; ნიკო ბერძენიშვილი, თბ., 1964; რუსთაველის საქართველო, თბ., 1966.
ქ. ჩხატარაიშვილი