დუმბაძე ნაზი (ნათელა) ივანეს ასული(21. VI. 1938, თბილისი, – 27. XII. 2006, იქვე), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1967).
სტუდენტი ახალგაზრდობის საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (მოსკოვი, 1956). 1955 დაამთავრა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინ-ტი, ფრანგული და ესპანური ენების განხრით. სიმღერა დაიწყო ინ-ტის თვითმოქმედ კოლექტივში. 1956-იდან იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი.
მღეროდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივში: „ლალე" (1956–57, ხელმძღვ. ე. სეფაშვილი), „რერო" (1957–69, ხელმძღვ. კ. პევზნერი), „დიელო" (1969–71, ხელმძღვ. ა. ებრალიძე), „ჯაზ-ქორალი" (1971–72, ხელმძღვ. ა. კილაძე).
დ-ის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, რ-თაგან აღსანიშნავია: დ. არაყიშვილის „ურმული", გ. ცაბაძის „ჯარისკაცის დედა", „ლალე", „პაემანზე", ო. თევდორაძის „სიყვარული მოგვრევია" და სხვ.
ფართო დიაპაზონის ხმა (ალტი) და შესრულების თავისებური მანერა საშუალებას აძლევდა დიდი ოსტატობით მიეტანა მსმენელამდე ქართ. და მსოფლიო ხალხთა სიმღერები.
ვ. გოგოლაშვილი