დუმბაძე ნოდარ ვლადიმერის ძე (14. VII. 1928, თბილისი, – 14. IX. 1984, იქვე), მწერალი, საზოგადო მოღვაწე. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1975).
მამა XX ს. 30-იანი წწ. ბოლშევიკურ რეპრესიებს ემსხვერპლა, დედა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. დ. თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ (1950) მუშაობდა ამავე ფაკ-ტის კათედრის ლაბორანტად, ხოლო 1957-იდან ჟურნ. „ცისკარში" თანამშრომლობდა.
1962–64 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი; 1967–72 – ჟურნ. „ნიანგის" რედაქტორის მოადგილე, მთ. რედაქტორი, 1972-იდან – საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1981-იდან გარდაცვალებამდე – თავ-რე.
დ-მ მწერლობა ლირ. ლექსებით დაიწყო, ბევრი მისი ლექსი სიმღერადაც იქცა. წერდა მახვილგონივრულ იუმორისტულ მოთხრობებსაც და „ნიანგში" აქვეყნებდა. მაგრამ ის, რასაც დ-ის განუმეორებელი სამყარო ჰქვია, რამაც მიიპყრო ქართვ. და მსოფლიო მკითხველის ყურადღება, გამოხატულია მის მხატვრულ პროზაში – ექვს რომანსა და მოთხრობების კრებულებში, რ-ებიც შეიქმნა მეოთხედი საუკუნის მანძილზე (1959–84).
მწერალს აღიარება მოუპოვა პირველივე რომანებმა: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1960) და „მე ვხედავ მზეს" (1962). ორივე რომანისათვის მიენიჭა კომკავშირის პრემია (1966). „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" იმთავითვე შეიყვარა მკითხველმა. რომანი გამოირჩევა ხალასი იუმორით, რ-იც დ-ის ყველა თხზულებას განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს. თავისი გმირების პროტოტიპებს მწერალი პირადად იცნობდა, რამაც ხელი შეუწყო ცოცხალი და დამაჯერებელი სახეების შექმნაში. ამ ერთდროულად ყოფითსა და ლირ. ნაწარმოებში გამომჟღავნდა მწერლის დიდი ნიჭი და ოსტატობა, ჰუმანიზმით განმსჭვალული შემოქმედების ძალა.
დ-მ ქართ. მწერლობაში, თავისი თაობის სხვა მწერლებთან ერთად, ახ. ტენდენციებს დაუდო სათავე – უარყო პარტიულობის პრინციპზე დაფუძნებული ლიტ-რისათვის დამახასიათებელი პომპეზურობა, ცხოვრებისეული ვითარების შელამაზების მიზნით რეალურის გაყალბება და სასურველით შეცვლა. დ-ის ნაწარმოებთა მთ. გმირები მდიდარი სულიერი სამყაროს მქონე უბრალო ადამიანები არიან. პირველ ორ რომანს მოჰყვა „მზიანი ღამე" (1967), „ნუ გეშინია, დედა!" (1971), „თეთრი ბაირაღები" (1973), „მარადისობის კანონი" (1973, ლენინური პრემია, 1980) და მთელი ციკლი მოთხრობებისა.
„თეთრი ბაირაღებისა" და მოთხრობებისათვის მწერალს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია. დ-ის თხზულებების გმირი ერთგვარად რომანიდან რომანში გადადის და მკითხველის თვალწინ ყალიბდება: თუ ჭაბუკობისას „მზიან ღამეში" იგი შემწყნარებელია და მიტევების უნარი გააჩნია, „მარადისობის კანონში" მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბოროტებას ამოძირკვა უნდა და არა მიტევება. დ-ის ყოველი ნაწარმოები თანამედროვე ქართ. ცხოვრების უტყუარი მხატვრული მატიანეა, ადამიანური სიკეთისა და სიქველის, სამართლიანობისა და სიყვარულის ქადაგებაა. მწერალი ახალგაზრდა კაცის ზნეობრივი ფორმირების პრობლემებს ეხება. მისი ნაწარმოებების გმირს სწორედ უზნეობის ფონზე უხდება საკუთარი სულის წრთობა.
დ. უმთავრესად წერს იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით უნახავს და თავად განუცდია [მოთხრობები: „დიდრო", „ძაღლი" (1973), „მზე", „კორიდა" (1974), „კუკარაჩა" (1980), „ხაზარულა" (1981) და სხვ.]. მათი პრობლემურ-სტილური მრავალფეროვნების მიუხედავად, ყოველ ნაწარმოებში იკვეთება დუმბაძისეული პროზის საერთო და განმსაზღვრელი ნიშნები. ყოველ მათგანს იმედიანი ფინალი აქვს, რადგან ავტორს სწამს, რომ ადამიანი, მზე და სიცოცხლე მარადიულია.
დ-ის შემოქმედება უაღრესად ქართულია არა მარტო იქ გამოხატული გარემოთი და ხასიათებით, ცხოვრების წესითა და ჩვევებით, არამედ იმ ფესვებით, რითაც იგი წარსულის ეროვნ. კულტურას უკავშირდება და მომავლის მწერლობასაც ეხმიანება. დ. ავტორია შესანიშნავი საბავშვო ლექსებისა, რ-ებიც არაერთხელ გამოიცა ცალკე წიგნებად. მწერლის იდეა იყო საბავშვო ქალაქ „მზიურის" დაარსება მდ. ვერის ხეობაში, თბილისსა და ბეთანიას შუა. ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი მისივე ძალისხმევით კიდეც განხორციელდა.
მწერალი სწორედ ამ საბავშვო ქალაქში იყო დაკრძალული. 2009 გადაასვენეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
დ-ის რომანებისა და მოთხრობების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962, რეჟ. თ. აბულაძე), „მე ვხედავ მზეს" (1965, რეჟ. ლ. ღოღობერიძე), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!" (1972, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი), „კუკარაჩა" (1983, რეჟ. ქ. დოლიძე) და სხვ. დ-ის ნაწარმოებები დაიდგა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში: „მზიანი ღამე" (1966, რეჟ. რ. სტურუა), „საბრალდებო დასკვნა" (1973, რეჟ. რ. სტურუა), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1977, რეჟ. რ. სტურუა); მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1958, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე), „მე ვხედავ მზეს" (1960, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე);
„კუკარაჩასა" და „მარადისობის კანონის" მიხედვით რეჟ. თ. ჩხეიძემ დადგა სატელევიზიო სპექტაკლები. ნაწარმოებები ინსცენირებულია საზღვარგარეთაც. დ-ის თხზულებები თარგმნილია უცხ. ენებზე.
დ. იყო აქტ. საზ. მოღვაწე, საქ. სსრ VIII და IX, სსრკ X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
1987 თბილისში დაარსდა დ-ის სახლ-მუზეუმი.
თხზ.: თხზულებანი ოთხ ტომად, თბ., 1988–92.
ლიტ.: ი მ ე დ ა შ ვ ი ლ ი კ., მიჯნა, თბ., 1987.
გ. გვერდწითელი