ალავერდი

ალავერდი (1938-მდე დაბა), ქალაქი სომხეთში, მდ. დებედის (მტკვრის აუზი) ხეობაში.

ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით შედიოდა ქართლის სამეფოს პროვინცია სომხითში. იყო სპილენძის მოპოვებისა და დამუშავების ცნობილი ცენტრი. 1770 მეფე ერეკლე II-მ აქ აამუშავა სპილენძის სადნობი ქ-ნა. სპილენძის საწარმოებლად მეფემ გუმუშჰანედან (თურქეთი) ბერძენ ოსტატთა 800 ოჯახი ჩამოასახლა. 1785-მდე ა-ის მაღაროდან წლიურად ამოჰქონდათ 200 000-მდე ფუთი მადანი; ამ პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 150 000 მანეთს, ხოლო მეფის წლიური შემოსავალი აქედან – 5–12 ათას მანეთზე მეტს. სამეფო ხელისუფლება აქ მოპოვებულ სპილენძს ძირითადად სამხ. მიზნებისთვის და ფულის მოსაჭრელად იყენებდა. თავისუფალ ბაზარზე კი სპილენძს ყიდულობდნენ ხელოსნები. 1785 ომარ ხანმა, 1795 კი აღა-მაჰმად-ხანმა ააოხრეს და გაძარცვეს ა-ისა და ახტალის ქ-ნები. დახოცეს, ტყვედ წაიყვანეს ოსტატები. გიორგი XII-ის დროს ეს ქ-ნები კვლავ ამუშავდა, ისინი იჯარით აიღეს თავადმა ბეგთაბეგოვმა და ვაჭარმა ქართველიშვილმა. მოიჯარეები სპილენძის მადნებითა და ქ-ნებით სარგებლობისათვის მეფეს უხდიდნენ 12000 მანეთს. 1803–16 საქართველოს სამთო ქ-ნები ხაზინას გადაეცა, მაგრამ ამის შემდეგ სპილენძის წარმოება წლიურად შემცირდა 35 ათას ფუთამდე. 1888-იდან ა-ის სპილენძის წარმოება გადავიდა „ახტალის მაღაროების ფრანგული კომპანიის“ ხელში. ამიერიდან პროდუქციამ შესამჩნევად იმატა და XIX ს. მიწურულისათვის მოპოვებულ იქნა 700 000 ფუთზე მეტი მადანი, საიდანაც გამოადნეს 12700 ფუთამდე სპილენძი. 1900 ა-ის სპილენძის წარმოება გადაეცა „კავკასიის სამრეწველო და მეტალურგიულ საზოგადოებას“. ამ დროს მას უკვე მსხვილი ფაბრიკული საწარმოს ხასიათი ჰქონდა. 1921, საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქვეყნის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი ა-ის ჩათვლით სომხეთს დაუთმო.

ლიტ.: გოგოლაძე დ., სამთამადნო, სამთო-საქარხნო მრეწველობა საქართველოში და კაპიტალიზმის გენეზისის ზოგიერთი საკითხი (XVIII–XIX), თბ., 1966.

დ. ბერძენიშვილი