ჯაველიძე ელიზბარ დიმიტრის ძე (დ. 5 VIII. 1937, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1988), საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2013). 1956-61 სწავლობდა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე. 1962-2006 მუშაობდა აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში. 1968-იდან კითხულობს ლექციებს თსუ-ში. 1985-86 მუშაობდა ჟურნ. „კრიტიკის“, ხოლო 1986-90 - გაზ. „ლიტერატურული საქართველოს“ მთ. რედაქტორად. 1991 იყო საქ. რესპ. განათლების მინისტრი; 1999-2003 - საქართვ. პარლამენტის წევრი. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთებს: „საქართველოს სამრეკლო“ (1993), „კოლხური კოშკი“ (1994), „სამრეკლო“ (1995); „ახალი ერა“ (2000-04), „აისი“ (2004-06). 2019-იდან არის საქართვ. მეცნ. ეროვნული აკად. ეროვნ. პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავ-რე.
მიღებული აქვს ჯილდოები და პრემიები: „აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება (აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1989); დავით აღმაშენებლის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია (2010); ლიტერატურული პრემია „საგურამო" (2013); ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი (2018).
ჯ. ავტორია მონოგრაფიებისა: „რუჰი ბაღდადი“ (1968); „ფუზული“ (1972); „У истоков турецкой литературы, I, Джелаль-ед-дин Руми“ (вопросы мировозрения) (1979); „თურქული პოეტიკა“ (1988); „თურქული ლიტერატურის სათავეებთან, III აშიკ ფაშა“ (2013); სამტომეულისა „თურქულენოვან ხალხთა ზნეობრივ-ესთეტიკური სამყარო“: „ოდეს შავისგან თეთრის გამორჩევის ჟამი დადგება“, ტ. I (2020); „განთიადის გამნათებელ ღმერთს ველტვი, რათა უკუნი ღამის ბოროტებას განვერიდო“, ტ. II (2021); „დივანის ლიტერატურა“, ტ. III (2022) და სხვ.
თხზ.: შტუდიები, თბ., 1985; დედე ქორქუთის წიგნი, თბ., 1987; უკეთუ სულითა... თბ., 1989; უკუნეთი, თბ., 2001; რას დადუმებულხართ, თქვე ერისშვილებო?! თბ., 2006; ავაჰმე, ჩემო მამულო!, თბ., 2007; „მართალმა რაი ჰყოს?!“, თბ., 2008; ფუთუვეთი – სულიერ-რაინდული ძმობა, თბ., 2010; საქართველოში უზნეობის სუფევს თარეში, თბ., 2011; „მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბედ რად?!“, თბ., 2015; თურქული ლიტერატურის სათავეებთან, ტ. 1-2, თბ., 2023; ფუზული (აზერბაიჯანულ ენაზე), თბ., 2016; რუჰი ბაღდადი (აზერბაიჯანულ ენაზე), ბაქო, 2018; У истоков турецкой литературы, II, Юнус Эмре, Тб.,1985.
ს. მეტრეველი