კვირია

კვირია, ნაყოფიერების წინაქრისტიანული ღვთაება საქართველოში, განასახიერებდა გაზაფხულზე ბუნების აღორძინებას. ქართველ მთიელთა რწმენა–წარმოდგენებით ღვთისშვილთა წინამძღოლი, ღვთის კარზე „მოარული“, „ხმელთ-მოურავი“, „მაღლის ხთის მოკარე/მოკარვე“. კ-ს სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან; კვირა – საღვთო, საუფლო დღე, რ-იც იმპ. კონსტანტინე დიდმა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის აღსანიშნავად რომის იმპერიის მთავარ სადღესასწაულო დღედ გამოაცხადა (321).

საქართველოში კ-ს დღეობას აღდგომის მე-3 კვირას, მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეს აღნიშნავდნენ. რასაც მკვლევრები ქართლის მოქცევასა და მცხეთის ჯვრის დღესასწაულს უკავშირებენ.

აღმ. საქართ. მთიელთა საწესო ტექსტებში ღმერთი და კ. ერთად იხსენიება: „ხთისა, კვირაის დიდებით, ჩემის სიტყვის მახსენებით, ხთის წესითა, მღდლის წესითა, იერუმსალეთის ნათლით, ქრისტეს გარიგებით“ (ხალხ.). კ-ს შესთხოვდნენ შვილიერებას, მოსავლის სიუხვეს, საქონლის დაცვა-გამრავლებას, ლაღიან-ბარაქიანობას, თვალის სინათლეს, ქარ-სეტყვის, მიწისძვრის თავიდან აცილებას. ხალხური წარმოდგენით კ. ეხმარებოდა ღვთისშვილებს დევ-კერპების განადგურებაში. მასვე ებარა სამართალი: „გარმოდგეს სასწორი ჩარექი კვირავ, დაუგი თვალია“ (ხალხ.). მისი ხალხ. ეპითეტები იყო – „კვირაცხოველი“, „კვირაძალი“, „კვირაღვთისშვილი“. მოხევეები კვირაღვთისშვილს უწოდებდნენ ლითონის პატარა ხატს იესო ქრისტეს გამოსახულებით, რ-საც ამკობდნენ ყელსაბამით, ბეჭდებით, ღილებით. სვანეთში კ-ს სადიდებელ საფერხულო სიმღერებს ასრულებდნენ კალენდარულ სახალხო-რელიგიურ დღეობებზე. კ-ს სახელზე არსებობს ეკლესია სოფ. ართანაში (თელავის მუნიციპ.). არსებობს მოსაზრება, რომ კულტონიმი კ. ქრისტეს ერთ-ერთი ხალხ. ეპითეტია.

ლიტ.: ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა, თბ., 2018; გუჯეჯიანი რ., ჩამგელიანი მ., ცინცაძე დ., „კვირია“ სვანეთის ტრადიციულ ყოფაში, წგ.: სვანეთის ისტორიის ფურცლები, თბ., 2011; კიკნაძე ზ., ხუციშვილი ქ., მინდაძე ნ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიური სისტემის ქრისტიანული სუბსტრატი, თბ. 2018; ლეკიაშვილი ა., ქართველ მთიელთა რელიგიური გადმონაშთების ინტერპრეტაციისათვის (ღვთაება კვირიას სახელები და ეპითეტები), მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის (მსე), ნაკვ. 23, XXIII, თბ., 1987; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ., 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).

გ. ჩინჩალაძე