„კვირია“, წარმართულ ღვთაება კვირიასთან დაკავშირებული საწესო სიმღერა-საგალობელი სვანეთში. კვირიას ხსენებითა და სადიდებლით იწყება ყოველი საუფლო ლოცვა. შემსრულებლები სიმღერისას პირს აღმოსავლეთისაკენ იბრუნებენ. „კ-ს“ ასრულებენ კვირიკობისა და მურყვამობის დღესასწაულებზე დროშის გამოსვენებისა და უკან შებრძანების დროს, აგრეთვე ბედნიერი მიცვალებულისათვის (ასაკოვანი პიროვნება, რ-იც გვარში თავისზე უმცროსის სიკვდილს არ მოსწრებია) და კარგი ამინდის გამოსათხოვად (კვირიოლა).
ლიტ.: გაბისონია თ., პირველად ღმერთი ვახსენოთ (ქრისტიანობა ქართულ ტრადიციულ მუსიკაში), «მუსიკა», 2012, №3; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009.
ნ. კალანდაძე