კვირიკაძე ირაკლი მიხეილის ძე (დ. 12. VII. 1939, თბილისი), კინორეჟისორი, სცენარისტი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1963) და კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (გ. ჩუხრაის სახელოსნო, 1968). „მოსფილმში“ საკუთარი სცენარით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გადამწყვეტი ნაბიჯი“ (1966); საქართველოში – „ქვევრი“ [ლ. პირანდელოს ნოველის მიხედვით, 1970; მთავარი პრიზი სატელევიზიო ფილმების საკავშ. (1971) და გრენობლის (საფრანგეთი) საერთაშ. კინოფესტივალებზე (1974)]; დოკუმენტური ფილმები: „პამირის მთებში“ (1971), „სადღეგრძელო“ (1974); მხატვრული ფილმები: „ქალაქი ანარა“ [1976; პრიზი გაბროვოს (ბულგარეთი), ლოკარნოს (შვეიცარია) საერთაშ. კინოფესტივალებზე], „მოცურავე“ [1981; მთ. პრიზი სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების საერთაშ. კინოფესტივალზე, 1987], „ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში“ (1990); „საუკეთესო ბებია“ (2009, რუსეთი), „რასპუტინი“ (რეჟ. ჟ. დაიანი, 2011, რუს.- საფრ., რუს. ვერსიის სცენარისტი, რეჟისორი და მემონტაჟე, 2013.
კ. მუშაობს აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში, წერს სცენარებს. 1989 საფრანგეთის ყოველწლიური კონკურსის მთავარი პრიზი მიენიჭა მის სცენარს „დონ ჟუანის ცრემლები“, ამავე წელს აშშ-ში ჩატარებულ კონკურსზე „ჰარტლი-მერილის“ პრიზით აღინიშნა „ამერიკელი მეძავის“ სცენარი.
კ-ის სცენარებით გადაღებულია ანიმაციური ფილმები: „ტალანტი“ (რეჟ. ბ. შოშიტაიშვილი, 1981), „ახლა გამოფრინდება ჩიტი“ (რეჟ. ი. სამსონაძე, 1983), „ჟანგიანი რაინდი“ (1984), „ბო-ბო“, (1985); ორივეს რეჟ. ლ. ჭყონია, „ლოკოკინა“ (რეჟ. ვ. ბახტაძე, 1986); მხატვრული ფილმები: „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1986), „ურჩხული, ანუ ვიღაც სხვა“ (რეჟ. ა. ფატხულინი, 1988, „უზბეკფილმი“), „ლიმიტა“ (რეჟ. დ. ევსტიგნეევი, 1994, „სტუდია 29“; რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“, 1995), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1996), „„ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ (2000), „ფოსტალიონი“ (2003), „მეტეოიდიოტი“ (2008; სამივეს რეჟ. ნ. ჯორჯაძე); სატელევიზიო სერიალი „პეჩორინი. ჩვენი დროის გმირი“ (მ. ლერმონტოვის მიხედვით, რეჟ. ა. კოტი, 2006, რფ), „ანდერსენი. ცხოვრება უსიყვარულოდ“ (რეჟ. ე. რიაზანოვი, 2006, „მოსფილმი“), „მამა“ (რეჟ. ი. სოლოვიოვი, 2007, რფ) და სხვ.
თხზ.: 1000 и 1 рецепт влюбленного кулинара, М., 2006; Печорин и другие, М., 2007; Пловец М., 2010; Мальчик идущий за дикой уткой, М., 2016.
მ. კერესელიძე