კვირიკე II, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 929–976. მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს გიორგი II აფხაზთა მეფეს, რ-იც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კ. II-ს უღალატა ძმამ, შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა უჯარმის ციხე. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნისა და ნახჭევნის ციხეებიც. კ. II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მან ქართლის აზნაურების (გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი და კიდევ სხვა ორმოცდაათი აზნაური) დახმარებით კახეთი დაიბრუნა. 957 აფხაზთა მეფემ თავისი შვილი, ქართლის ერისთავი ლეონი, გაგზავნა კახეთის დასამორჩილებლად, მაგრამ გიორგი II-ის გარდაცვალებამ ლეონი აიძულა დაზავებოდა კ. II-ს, რ-მაც თავი აფხაზთა (დას. საქართველოს) მეფის ვასალად ცნო. რამდენიმე ხნის შემდეგ ლეონ III-მ განაახლა ბრძოლა კახეთის წინააღმდეგ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. კ. II-მ მთლიანად აღადგინა თავისი სამფლობელო და საზღვრები არაგვის დას-ითაც კი გადაიტანა. ქსან-არაგვს შორის მდებარე ტერიტორია (მუხრანი, ხერკი, ბაზალეთი) კვლავ მისი სამთავროს ფარგლებში მოექცა. X ს. 70-იან წლებში კ. II უფრო აქტიურად ჩაერია „ქართლსა ზედა“ ბრძოლის პროცესში. მან ისარგებლა აფხაზთა სამეფოს საშინაო მდგომარეობის გართულებით და სცადა ქართლში მტკიცედ ფეხის მოკიდება. ამ მიზნით იგი უფლისციხესაც კი შემოადგა, მაგრამ ამჯერად კ. II-ის მისწრაფებას ქართლის დაპყრობისადმი წინ აღუდგა დავით კურაპალატი, რ-მაც აიძულა იგი დაეტოვებინა ქართლი. დაახლ. 975 კ. II-მ უფლისციხეში დამკვიდრებული მეფე გურგენი, მისი ძე, ქართლის მეფედ დამტკიცებული ბაგრატი და დედოფალი გურანდუხტი დაატყვევა. დავით კურაპალატი კახელების ამ ქმედების აღსაკვეთად სალაშქროდ მოემზადა. კ. II-მ დავით კურაპალატთან შებმა ვერ გაბედა და დაზავება არჩია. ამ ზავის თანახმად, კ. II-მ დატყვევებულები გაათავისუფლა და ქართლის ყველა დაპყრობილი ადგილი დააბრუნა (წირქუალის ციხისა და გრუის გარდა). აღნიშნული ციხეები, რ-ებიც ქსნის ხეობაში მდებარეობდა, ამის შემდეგაც კარგა ხნის განმავლობაში კ. II-ის მფლობელობაში დარჩა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: პაპუაშვილი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982; საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., 2007; ჯავახიშვილი ივ., (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2), თბ., 1983.
თ. პაპუაშვილი