კვირიკე III

კვირიკე III, დიდი, კახეთ-ჰერეთის მეფე 1010–37. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმ. და სამხ. ძლიერებას მიაღწია. კ. III-მ ისარგებლა ახლად გაერთიანებული ფეოდ. საქართველოს მეფის, გიორგი I-ის დროს არსებული რთული საგარეო პოლიტ. ვითარებით (ბიზანტიის იმპერატორთან წარმოებული ხანგრძლივი ომი) და წარმატებით დააგვირგვინა კახეთ-ჰერეთის პოლიტ. შერწყმის პროცესი, ამის გამო, საისტორიო წყაროების მიხედვით, მას „რანთა და კახთა“ მეფე ეწოდა. „რანთა და კახთა“ სამეფოს შექმნის თარიღად 1020 წელი ივარაუდება. კ. III-ის მიერ შექმნილი სამეფო ფაქტობრივად „კახეთის სამეფო“ იყო. მისი დამსახურებით სამეფო აღდგა ძველი ისტ. საზღვრების ფარგლებში ისე, როგორც ეს VIII ს. I ნახევარში, არჩილის მეფობის დროს იყო, როდესაც ჰერეთი კახეთის სამთავროს განუყოფელ, ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. XI ს-ში ამ სამეფოს მმართველებს, ჩვეულებრივ, წყაროებში („მატიანე ქართლისა“, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი) „კახთა მეფეები“ ან „კახეთის მეფეები“ ეწოდებათ. თვისებრივი განსხვავება ის იყო, რომ 1020, ჰერეთის ხელახალი შემოერთების შემდეგ, შეიცვალა მათი ოფიციალური ტიტული. ამიერიდან კახეთის სამეფოს ხელისუფალი წყაროებში იწოდება „რანთა და კახთა“ მეფედ. მაგ., „მატიანე ქართლისას“ ავტორი ერთგან ამბობს: „მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე“.

კ. III-მ სამეფო ადმ. ერთეულებად – 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის) დაყო. სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლ. 1027–32 კ. III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები – ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზას ძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდ. ეკლეცზე კოალიციურმა ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლ. ამავე წლებში კ. III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, რ-იც ამ ბრძოლის დროს მოკლეს. 1037 კ. III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირას წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კ. III მოკლა ოსმა მონამ „სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი“ (ვახუშტი ბატონიშვილი).

წყარო იხ. სტ-თან კვირიკე II.

ლიტ.: პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970; მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VIII–XI სს.), თბ., 1982; საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., 2007.

თ. პაპუაშვილი