კვირიკეს მონეტები, გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკე III დიდის სახელით მოჭრილი ვერცხლის (ბილონი) მონეტები. მასა მერყეობს 2,90–3,45 გ ფარგლებში. საფიქრებელია, რომ იგი წესიერი ჭედვის, დირჰემის ყაიდის მონეტას წარმოადგენდა. ცნობილია სულ სამი ტიპი. შემორჩენილ ეგზემპლარებზე თარიღები არ იკითხება; უადრესი სამონეტო ტიპი თარიღდება 1014–31 შუალედით, მომდევნო ორი ტიპი კი – 1031 შემდგომი პერიოდით. პირველი და მეორე სამონეტო ტიპი მონოეპიგრაფიკულია, მესამეზე კი წმ. გიორგია გამოსახული (მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული), რ-იც დიოკლეტიანეს კლავს. ზედწერილები ექსკლუზიურად არაბულია. მხოლოდ წმ. გიორგისთან ზოგჯერ დაქარაგმებული ასომთავრული ასოებით მითითებულია წმინდა მხედრის ვინაობა. მოჭრის ადგილი (თბილისი) იკითხება მხოლოდ ადრეულ ტიპზე. ადრეული სამონეტო ტიპები განძის შადადიანი მმართველის, ფადლონ I-ის დირჰემების მსგავსია, მაგრამ წმ. გიორგის გამოსახულებიანი ტიპი ორიგინალურია; საფასეზე ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგის გამოსახულება მსოფლიოში პირველად სწორედ კ. მ-ზე გაჩნდა (მეორედ ეს ანტიოქიის მმართველმა როჯერმა გააკეთა 1112–19). ამასთან, კ. მ-ზე მითითებულია აბასიანი ხალიფების – ალ-კადირისა (991–1031) და ალ-კაიმის (1031–75) სახელებიც (ზოგჯერ შეცდომით გადმოცემული), რაც გვეხმარება სამონეტო ტიპების დათარიღებაში; ადრეულ, მონოეპიგრაფიკულ ტიპებზე მოციქულ მუჰამადის სახელიცაა. აბასიანი ხალიფას სახელის მითითება არ გულისხმობს მასზე რეალურ პოლიტ. დამოკიდებულებას; გადმოღებულია ისლამური მონეტებისთვის დამახასიათებელი ტრადიცია. კ. მ-ის ზოგადი ორიენტალური იერი კახეთ-ჰერეთის ისლამურ სამყაროსთან მჭიდრო ეკონ.-კულტ. კონტაქტებით აიხსნება. აღსანიშნავია ქრისტ. იკონოგრაფიის კომბინაცია არაბულენოვან და მაჰმადიანურ ფორმულებთან. კ. მ-მა შემოგვინახა კვირიკე III-ის არაბული წოდებულება, რ-იც გვისურათებს ამ ქართველი მონარქის მზარდ ამბიციებს: ადრეულ ტიპზე ის „მალიქია“ (მეფე), ასევე უთითებს თავის ნასაბსაც (მამის სახელს); შემდგომ სამონეტო ტიპზე უკვე პრესტიჟული ქუნიით სარგებლობს („ღირსების მამა“); გვიანდელ სამონეტო ტიპზე კი დამატებით „მეფე სამართლიანის“ წოდება აქვს.
კ. მ. საქართველოს ისტორიის ორიგინალური, ობიექტური და ძვირფასი პირველწყაროა. მათი შესწავლის შედეგად დგინდება, რომ XI ს-ში კახეთ-ჰერეთის სამეფო წარმოადგენდა საქართველოში მონეტის ემისიის კიდევ ერთ კერას (ბაგრატიონთა სამფლობელოებთან, თბილისის საამიროსა და კორიკიანთა სახელმწიფოსთან ერთად); კვირიკე III-ის ზეობა ნამდვილად გრძელდებოდა XI ს-ის 30-იან წლებშიც; მას ერთხანობას თბილისიც, ანუ თბილისის საამიროც ჰქონდა დამორჩილებული; კვირიკე III-ს შემუშავებული ჰქონდა არაბული წოდებულება, რ-იც ევოლუციას განიცდიდა და, ამგვარად, ასახავდა კახეთ-ჰერეთის შიდა და საგარეო პოლიტ. მდგომარეობას. წმ. გიორგის, როგორც წმინდა მხედრის, სამონეტო იკონოგრაფიის სამშობლო საქართველო აღმოჩნდა, რაც ადასტურებს საქართველოში და, კერძოდ, კახეთ-ჰერეთში წმ. გიორგის კულტის მნიშვნელობის, ასევე მიუთითებს კაცობრიობის ნუმიზმატიკურ ისტორიაში ამ იკონოგრაფიული სიუჟეტის გავრცელებაში საქართველოს როლს. კვირიკე III-მ, პირველმა კავკასიის რეგიონში, შეიმუშავა ორიგინალური ქრისტ.- ისლამური სამონეტო ტიპი. კახეთ-ჰერეთში საკუთარი ფულის ემისია მნიშვნელოვანი მოვლენაა ამ შუასაუკუნოვანი სახელმწიფოსა და, საზოგადოდ, იმდროინდელი საქართველოს პოლიტ., ეკონ. და კულტ. მდგომარეობის შესაფასებლად.
ლიტ.: ფაღავა ი., კახეთ-ჰერეთის სამეფოს საფასის ქრისტიანულ-ისლამური ისტორია (დასავლურ-ქართულ სამონეტო ემისიებთან შედარებითი ანალიზი). საქართველო ისლამისა და ქრისტიანობის გზაჯვარედინზე, თბ., 2019.
ი. ფაღავა