კვირიკეწმინდის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია, X–XI სს. არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფ. კვირიკეწმინდაში (ყოფ. კორტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), მთის კონცხზე. ეკლესიიდან სამხრ.- აღმ-ით, კლდოვან ბორცვზე დგას გეგმით მართკუთხა მოხაზულობის კოშკი, რ-იც, ერთი მოსაზრებით, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოხსენიებული კვიტაშვილების ციხე უნდა იყოს. თვით კვირიკეწმინდის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. იგი ამ ხუროთმოძღვრული ტიპის ერთადერთი ნიმუშია რაჭაში. XVI–XVII სს. ძეგლი განაახლეს. სამნავიანი ბაზილიკის შუა ნავი გვერდითა ნავებზე მაღალია და განიერი. ფასადები შემოსილია სხვადასხვა ზომის კარგად დამუშავებული კირქვის კვადრებით. წყობაში აქა-იქ გამოყენებულია შირიმის ქვაც. ეკლესიის ნავები ერთმანეთისაგან დაკავშირებულია ერთ წყვილ ბურჯზე დაყრდნობილი ორსაფეხურიანი თაღებით. ნავთა გამყოფი თაღედი უშუალოდ კაპიტელებს კი არ ეყრდნობა, როგორც ეს საყოველთაოდაა მიღებული, არამედ მათ ზევით მოთავსებულ მართკუთხა ფილას. ცენტრ. ნავი აღმ-ით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რ-იც გეგმის მართკუთხედიდან ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოდის გარეთ. აფსიდში და აფსიდის ზემოთ თითო სარკმელია გაჭრილი.
საკურთხეველს წინ უძღვის ღრმა ბემა. გვერდითი ნავების აფსიდების წინ მდებარე თაღები პილასტრებს ებჯინება. აფსიდებში გაჭრილია თითო სარკმელი. ეკლესიის სამივე ნავის კამარები დანაწევრებულია საბჯენი თაღებით. შენობის ცოკოლი ორი მართკუთხა საფეხურისაგან არის შედგენილი. შენობის გეგმაში ყურადღებას იქცევს ნავთა გამყოფი თაღედის საყრდენების რაოდენობა და მათი განლაგება. ბურჯების ერთადერთი წყვილი ისეა განაწილებული, რომ საკურთხევლის წინ კვადრატი იკვრება, რის გამოც დარღვეულია ბაზილიკური ნაგებობისათვის დამახასიათებელი გრძივი ღერძი. კიდურა ნავების აღმ. ნაწილებში არ არის გამოყოფილი სამკვეთლო და სადიაკვნე. ეკლესიის სადა ფასადებზე ორი მოჩუქურთმებული დეტალია – სამხრ. შესასვლელის არქიტრავი და ამავე ფასადის ერთ-ერთი კრონშტეინი, რ-ის ორნამენტი გამორჩეული ოსტატობითაა შესრულებული.
1991 მიწისძვრის დროს ეკლესია ძლიერ დაზიანდა. ამჟამად აღდგენილია.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ბერაძე თ., რაჭა, თბ., 2004; ბოჭორიძე გ., რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., 1994; მეტრეველი რ., რაჭა. შტრიხები წარსულიდან, თბ., 2013; ჩაჩხუნაშვილი ც., წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია სოფ. კვირიკეწმინდაში, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი ს/ს სამმართველო. სამეცნიერო შრომების წელიწდეული – II. – 1996; Georgian Architecture, vol. 6, Leiden: Inter Documentation Company (IDC), 2004.
თ. დვალი