კვირიკიდები, კვირიკიანები, სომეხი ბაგრატუნების ერთი შტო შუა საუკუნეებში, ტაშირ-ძორაგეტის (ლორე-ტაშირი) ფეოდალური სახელმწიფოს მმართველი დინასტია (978–1118). დააარსა გურგენმა (კვირიკე, 978–989). კ-ის სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა გურგენის მემკვიდრის, დავით I „უმიწაწყლოს“ (989–1048) და კვირიკე II-ის (1048–89) დროს. ეს უკანასკნელი ერთადერთი დამოუკიდებელი მმართველი იყო სომეხ ბაგრატუნთა შორის და მეფის ტიტულსაც ატარებდა. მან საკუთარი ფულიც მოჭრა, მაგრამ დამოუკიდებლობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა და საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის მოხარკე გახდა. 1118 დავით IV აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკებისაგან განთავისუფლებული ლორე-ტაშირი კვლავ დაიბრუნა და უშუალოდ შემოუერთა საქართველოს, ხოლო კ-ის სამეფო საბოლოოდ გააუქმა. ამის შემდეგ კ. იხსენიებიან (XIII ს. დასაწყ.) როგორც ტავუშისა და მაწნაბერდის მფლობელები.
ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, «მაცნე», 1968, № 6; მაისურაძე გ., ნარკვევები საქართველოსა და სომ-ხეთის ურთიერთობის ისტორიიდან IV–XII სს-ში, თბ., 2002; მელიქსეთ-ბეგი ლ., „ჩრდილო მხარეთა სომეხთა მოძღვარნი“ და მათი ვინაობა, ტფ., [1928]; Лордкипанидзе М. Д., История Грузии ХI – начала ХIII века, Тб., 1974.
გ. მაისურაძე