კვირიკობა, ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც უკავშირდება წმინდა მოწამეების, დედა-შვილის, კვირიკესა და ივლიტას სახელებს. ისინი მცირე აზიის მკვიდრნი იყვნენ და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულნენ დაახლ. 305, იმპ. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დიდი დევნის პერიოდში.
კვირიკესა და ივლიტას წმინდა ნაწილები მოციქულთასწორი იმპ. კონსტანტინეს ზეობისას მოიძიეს. მათ სახელზე არაერთი ეკლესია-მონასტერი აიგო. ხსენების დღეა 15 (28) ივლისი.
საქართველოში, სვანეთში, კალის თემში (ბალს ზემო სვანეთი; მესტიის მუნიციპალიტეტი) შემორჩენილია წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას ეკლესია (სვანურად – „ლაგურკა“//„ლაგვირკა“), რ-იც X ს-ით თარიღდება. მოხატულია დავით IV აღმაშენებლის კარის მხატვრის, თევდორეს მიერ 1112. კალის „ლაგურკა“, როგორც დედათა მონასტერი, მოქმედი იყო XVIII ს. ბოლომდე. მონასტერში ადგილობრივებთან ერთად მოღვაწეობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და სამეფო დინასტიის წარმომადგენლებიც.
მონასტერში დღემდე დაცულ სიწმინდეთა შორის განსაკუთრებული ძალისა და მნიშვნელობისაა ჯვარცმის გამომსახველი სანაწილე, ბიზანტიური წარმომავლობის IX–XI სს. ხატი, რ-იც „შალიანის“ სახელწოდებითაა ცნობილი. მისთვის ხელის ხლება წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეიძლება: აღდგომის კვირის შაბათს და 15 (28) ივლისს, კ-ის დღესასწაულზე. ამ დღეებში რჩეული პირები, ე. წ. მოკილები ხატს განბანენ წყალში, რ-საც, როგორც წმინდა სითხეს, საგანგებოდ ინახავენ სპეციალურ სპილენძის სურაში და განსაკუთრებული შემთხვევის დროს იყენებენ; მაგ.: ფიცის დადებისას, ასევე სხვადასხვა სახის ბოროტმოქმედებათა გამოსავლენად და ავადმყოფის განსაკურნად.
კ-ის დღესასწაულისთვის („ლიგურკე“) სვანეთში მთელი წელი ემზადებიან. დღესასწაულზე კალის თემის რჩეული მამაკაცები, საპატიო პირები მონასტრიდან გამოასვენებენ „შალიანის“ ხატს, განბანენ, შემდეგ ანთებული სანთლებითა და ზედაშით სავსე ფიალებით გარშემო უვლიან ეკლესიას. ამ დროს სრულდება საგალობელი „კვირია“. გალავანს შიგნით შეკრებილი მამაკაცები ამ რიტუალს დაჩოქილები და ქუდმოხდილები ასრულებენ. ქალები იქვე ახლოს იკრიბებიან, სხვა სოფლებიდან მოსული მლოცველები უფრო მოშორებით დგანან და ელოდებიან მთავარი „ლიმზირის“ (ლოცვის) დასრულებას. ეკლესიის გარშემოვლის შემდეგ „შალიანს“ კვლავ მონასტერში შეასვენებენ, სადაც იგი ხელუხლებლად იქნება დაცული მომავალი წლის ბრწყინვალე შვიდეულის შაბათამდე. მანამდე კი უფროსი „მემზირი“ (მლოცველი) ამ ხატით დალოცავს მთელ საქართველოს, სვანეთს და „ლაგურკაში“ შეკრებილ მლოცველებს. ამის შემდეგ მლოცველებს ეძლევათ საშუალება, მიეახლონ ტაძრის კარიბჭეს, მიიტანონ შესაწირი, ილოცონ. პირველად შეიწირება კალის თემის შესაწირი თეთრი ფერის ხარი. კალელის თემის მამაკაცები ყოველ მლოცველს ხმამაღლა დალოცავენ, რასაც გარშემო შემოკრებილი ხალხი ერთიანი შეძახილით – „ამენ“ ადასტურებს. რიტუალის დასრულების შემდეგ მლოცველი მომჩივანთა საქმეებს ისმენს. იმართება ერთგვარი სამსჯავრო, რ-ზეც ზოგი თავს იმართლებს, ხოლო ზოგი სამართალს ეძებს. უკიდურეს შემთხვევაში სრულდება დამნაშავის ხატზე გადაცემის რიტუალი და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმის გარჩევა აუცილებლად „ლაგურკასთან“ სრულდება. ამ მონასტერთან იშვიათ შემთხვევაში დაფიცება ხდებოდა „შალიანის“ ხატით, უმეტესად კი – ხატის „ნაბანი“ წყლის მეშვეობით. ხატზე დადებული ფიცი გადამწყვეტია ჩვეულებით სამართალში.
„შალიანის“ „ნაბან“ წყალს სამკურნალო მიზნითაც იყენებენ. ავადმყოფის დალოცვა „ლიგურკეს“ დღეობაზე შემდეგნაირად ხდება: ავადმყოფის პატრონი შეპირებული საკლავის გულ-ღვიძლს, სალოცავ პურებს („ლემზირ“) და არყით სავსე დოქს დააწყობს პატარა ტაბლაზე, ანთებს სანთლებს და რჩეულ პირებს – მლოცველებს – შესთხოვს ავადმყოფის დალოცვას. ლოცვას გარშემო მყოფი ხალხის „ამენი“ აგვირგვინებს. ყოველ „ლაგურკეზე“ რამდენიმე ასეთი დალოცვა სრულდება. დღესასწაული მთავრდება ზოგადი დალოცვით, სამართლის აღდგენითა და ავადმყოფთა დალოცვით.
ლიტ.: აბაკელია ნ., ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991; გუჯეჯიანი რ., კალის წმიდა კვირიკესა და ივლიტეს სახელობის მონასტრის („ლაგურკას“) როლი ზემო სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში, კრ.: საქართველო და ქრისტიანობა, თბ., 2001.
ნ. აბაკელია