კვიტაშვილი მერაბ სიმონის ძე

კვიტაშვილი მერაბ სიმონის ძე (2. VII. 1902, სოფ. ველევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 25. I. 1991, არლინგტონი, აშშ), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, ინჟინერი. ბაქოში გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1918 კ. ახალდაარსებული ქართ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის სტუდენტი გახდა. 1919 კ-ის ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და გვარად „კეი“ მიიღო. 1919–20 სწავლობდა ოქსფორდის ორიელ- კოლეჯში. 1925 დაამთავრა ბირმინჰემის უნ-ტი სამთო-ინჟინრის სპეციალობით. 1926–33 მსახურობდა პრეტორიაში (სამხრ. აფრიკა) ოქროს გადამამუშავებელი ქ-ნის მმართველად.

II მსოფლიო ომის (1939–45) დაწყებისთანავე კ-მა მიიღო ბრიტანეთის ქვეშევრდომობა და მოხალისედ ჩაირიცხა ინგლისის არმიაში. 1940 დაამთავრა ინგლ. უმაღლესი სამხ.-სადაზვერვო სკოლა. იყო დაზვერვის ოფიცერი. 1940–43 მნიშვნელოვან საგანგებო დავალებებს ასრულებდა აღმოსავლეთში (ეგვიპტე, ირანი, სირია, ლიბანი, ერაყი და ა. შ.). 1943 კ. თეირანის კონფერენციაზე იყო პრემიერ-მინისტრ უ. ჩერჩილის მისიის წევრი და დიდი ბრიტანეთის გენ. შტაბის სამხ. დაცვის მოწინავე შენაერთის უფროსი. XX ს. 50-იანი წლების დამდეგს პოლკოვნიკის წოდებით თადარიგში გავიდა.

1952-იდან გარდაცვალებამდე კ. აშშ-ში ცხოვრობდა. 1952–63 მუშაობდა რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ ექსპერტად და ქართ. განყ- ბის რედაქტორად, 1963–72 – ამავე განყ-ბის ხელმძღვანელად. არჩეული იყო მსოფლიოს ანტიკომუნისტური ლიგის წევრად. იყო აშშ-ის ქართ. საზ-ბის თვალსაჩინო წევრი, ქართ. ემიგრანტული პერიოდული პრესის მუდმივი თანამშრომელი.

კ-ის დამსახურება აღინიშნა ინგლისის და აშშ-ის არაერთი ჯილდოთი.

თხზ.: მასალები ამერიკული დღიურებიდან. „თეირანის კონფერენცია“. „ფიქრები საქართველოს მომავალზე“, თბ., 1991.

ლიტ.: კობახიძე გ., გახსენება ღვაწლმოსილისა, «გუშაგი», პარიზი, 1991, №24.

ლ. ურუშაძე