კვრინჩხი (Prunus spinosa), ეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარისა. მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით ახლოს დგას ქლიავთან (P. domestica). მისი სიმაღლე 5 მ აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული, მუქი ლურჯი ნაყოფი მწკლარტე და მომჟავო-მოტკბოა. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ველურად იზრდება დას. ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. მთაში ხარობს 1200–1600 მ-მდე. საქართველოში მხოლოდ აღმ. ნაწილში იზრდება. კ. სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კ-ის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ მებაღეობაში.
ვ. მირზაშვილი