კიბერდანაშაული, დანაშაული, რომლის ჩადენის დროსაც ხდება კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ ქსელის გამოყენება, კერძოდ, დამნაშავის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. კომპიუტერულ სისტემად მიიჩნევა ნებისმიერი მოწყობილობა (მექანიზმი) ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მოწყობილობათა (მექანიზმთა) ჯგუფი, რ-იც პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მ. შ. პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მიკროპროცესორიანი მოწყობილობა, მობილური ტელეფონი). კ. შეიძლება გამოიხატოს სხვების კომპიუტერული სისტემის ხელყოფით, კიბერთავდასხმებით სხვადასხვა ვებგვერდზე დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით, საბანკო ელექტრონულ პროგრამებში შეღწევით, საკრედიტო ბარათების ინფორმაციის მოპოვებით, პერსონალური ან სახელმწიფო დანიშნულების მქონე ინფორმაციის უკანონო მოპოვებით და სხვ.
კ-ის პირველი შემთხვევები XX ს. 70-იან წლებში აშშ-ში დაფიქსირდა. შემდგომ წლებში თანდათან იმატა აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტებმა. ბოლო წლებში კ. აღიარებულია საერთაშ. ხასიათის დანაშაულად და მასთან ბრძოლა წარმოადგენს როგორც მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფოების, ისე საერთაშ. ორგანიზაციების პრიორიტეტულ მიმართულებას.
კ. ფორმირდება სხვადასხვა სახით – დანაშაულის ჩადენის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა, კერძოდ, დანაშაული მიმართული იყოს კონკრეტული პიროვნების, სახელმწიფოს წინააღმდეგ ან მიზნად ისახავდეს სხვისი საკუთრების ხელყოფას.
კ-ის ჩადენით ზიანი ადგება დაზარალებული პირის უსაფრთხოებას. ზიანი შესაძლებელია იყოს როგორც მორალური, ასევე, ხშირ შემთხვევაში – ფინანსური.
გავრცელებულია კ-ის სხვადასხვა ტიპი: კიბერშეურაცხყოფა (კიბერბულინგი) – სხვა პირის შეურაცხყოფა, დამცირება, ფსიქოლ. ძალადობა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით; ასევე პირის შეურაცხყოფა სქესობრივი, რელიგიური, რასობრივი და სხვა პირადი ცხოვრების და ინტერესების შელახვით.
კიბერვანდალიზმი – ონლაინ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა საინფორმაციო ბაზების დაზიანების, განადგურების მიზნით; კიბერქურდობა – პირადი საკუთრების ხელყოფა ონლაინსივრცეში; კიბერგათეთრება – უკანონოდ მოპოვებული ფინანსური სახსრების ინტერნეტგადარიცხვა წყაროსა და მიმღების ვინაობის დაფარვის მიზნით; კიბერტერორიზმი – სახელმწიფო, სამთავრობო ან სამხედრო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ინტერნეტსივრცეში იდეოლოგიურად მოტივირებული ძალადობა მოქალაქეთა წინააღმდეგ.
კიბერტრეფიკინგი – დანაშაულის მსხვერპლის (ძირითადად – ქალები და ბავშვები) თავისუფლების შეზღუდვა მოტყუების, მუქარის ან ძალადობის გზით, სექსუალური ძალადობის გადაღება და გავრცელება ონლაინ სივრცეში.
საქართველოში კ-ის დასჯადობის საკითხები რეგულირდება საქართვ. სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით, რ-ის თანახმადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.
ი. უჯმაჯურიძე