კიბოსნაირნი (Crustacea), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მათი სხეულის სიგრძე მერყეობს მმ-ის რამდენიმე მეათედიდან 80 სმ-მდე (მადაგასკარის მდინარის კიბო). კ-თა კლასი იყოფა 2 ქვეკლასად – უმდაბლეს და უმაღლეს კიბოსნაირებად და აერთიანებს 20000-მდე სახეობას.
კ-თა სხეული შედგება თავის, მკერდისა და მუცლისაგან (ხშირად თავი და მკერდი შერწყმულია და ქმნის თავ-მკერდს), თავზე 5 წყვილი კიდური აქვთ: 1. ანტენები (მათზე ხშირად გრძნობის ორგანოებია), 2. ანტენულები (ზოგი მათ ცურვის დროს იყენებს), 3. საღეჭები, ანუ მანდიბულები (საკვებს აქუცმაცებს), 4. I წყვილი ყბა, ანუ პირველი მაქსილა, 5. II წყვილი ყბა, ანუ მეორე მაქსილა. თავზე აქვთ წყვილი (ზოგჯერ კენტი) ფასეტური თვალი, სხეულის გვერდებზე კი – კიდურები, რ-ითაც მოძრაობენ, ან 1–3 წყვილი ყბაფეხი საკვების მოსაპოვებლად. სხეული დაფარული აქვთ სხვადასხვა სისქის ქიტინოვანი საფარვლით, რ-იც გარეგან ჩონჩხს ქმნის. კ-თა საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. იკვებებიან ცხოველური და მცენარეული საკვებით. კ. სხეულის ზედაპირით სუნთქავენ, ზოგი – ლაყუჩებით, ხმელეთის კ. კი – თავისებური აღნაგობის ფილტვებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ზურგის მხარეს მდებარე კუნთოვანი პარკია.
კ-თა უმრავლესობა ცალსქესიანია, ზოგიერთი – ჰერმაფროდიტი. უმდაბლესებს ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმიც – დედალი ტანად მამალზე დიდია. უმრავლესობა წყლის ორგანიზმია. ცხოვრობენ როგორც ზღვაში, ისე კონტინენტურ წყალსატევებში, აგრეთვე წყლის სიღრმეში (პელაგიალში) და ფსკერზე (ბენთალში).
კ-ს მიეკუთვნება ათფეხა კიბოების (Decapoda) რიგი. მათთვის დამახასიათებელია თავთან შეზრდილი მკერდის წინა 3 სეგმენტი, რ-თა კიდურებსაც მოძრაობითი ფუნქცია დაკარგული აქვთ და ყბაფეხებად არის ქცეული. ათფეხა კიბოები მოძრაობენ მხოლოდ მკერდის უკანა 5 წყვილი კიდურით (აქედან წარმოდგება მათი სახელიც). ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ათფეხა კიბოები ცალსქესიანები არიან. იკვებებიან ცხოველებით, მცენარეებითა და მძორით. მრავალი სახეობა ზოგიერთი პარაზიტული ჭიის შუამავალი მასპინძელია. ცნობილია ათფეხა კიბოების 8500-მდე სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებსა და ოკეანეებში, ზოგი – მტკნარ წყალში, ზოგი ტროპიკული სახეობა კი – ხმელეთზე. შავ ზღვაში გვხვდება მათი 36 სახეობა.
საქართველოში არსებულ სახეობათაგან აღსანიშნავია ქუთაისური გვერდულა (Troglocaris kutaisiana – ნაპოვნია ქუთაისის მახლობელ მღვიმეებში) და კოლხური კიბო (Astacus colchicus – გვხვდება რიონის აუზში). ათფეხა კიბოებს სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. მის ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს მეთევზეობისათვის.
დ. კობახიძე