კიკალეიშვილი ზურაბ მალაქიას ძე (25. X. 1924 თბილისი, – 1. VI. 2005, იქვე), ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი, ქორეოგრაფი. საქართვ. სახ. არტისტი (1955), სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1948, 1951). დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრ. სასწავლებელი (ნ. ტარასოვის კლასი). 1942-იდან იყო თბილ. ქორეოგრ. სასწავლებლის პედაგოგი, ამავე წლიდან – თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის საბალეტო დასის სოლისტი.
კ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა და თვითმყოფადობა, მაღალი ტექ. ოსტატობა და შინაგანი არტისტიზმი. მისი ეს თვისებები შესანიშნავად გამოიკვეთა ვ. ჭაბუკიანის დადგმების შემდეგ პარტიებში: ჯარჯი (ა. ბალანჩივაძის „მთების გული“), ფრონდოზო (ა. კრეინის „ლაურენსია“), დავრიში (გ. კილაძის „სინათლე“), გორდა, სოკოლოვი (დ. თორაძის „გორდა“ და „მშვიდობისათვის“) და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული იაგოს როლი (ა. მაჭავარიანის „ოტელო“); სხვა პარტიები: პრინცი ალბერტი (ა. ადანის „ჟიზელი“), ზიგფრიდი, დეზირე (პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ და „მძინარე მზეთუნახავი“), ვაცლავი (ა. ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“) და სხვ. აღსანიშნავია კ-ის, როგორც ბალეტმაისტერის მოღვაწეობა; მისი დადგმებია: რ. გლიერის „წითელი ყაყაჩო“ (1948), ბ. კვერნაძის „ქორეოგრაფიული ნოველები“ (1964, 1978 – სტოკჰოლმი) და სხვ. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ქართული ბალეტის ოსტატები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, ვ. ჭაბუკიანი, 1961), „ოტელო“ (ა. მაჭავარიანის ბალეტის ეკრანიზაცია, 1960), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973, რეჟ. გ. შენგელაია), „აურზაური სალხინეთში“ (1975, რეჟ. ლ. ღოღობერიძე), „კავკასიური რომანსი“ (1975, რეჟ. რ. გაბრიაძე) და სხვ. როგორც ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი მოღვაწეობდა ქ. ტოკიოს „ტოკიო ბალეს“ (1967– 68) და ქ. სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრის დასებთან (1978– 79), თურქეთში საბალეტო დასის რეპეტიტორად (1983–84). თბილ. ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996) და სხვა სახელმწ. ჯილდოები.