კიკალეიშვილი მამუკა ანდროს ძე (10. VIII. 1960, თბილისი, – 3. IV. 2000, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში), თეატრისა და კინოს მსახიობი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1981). მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრსა (1979–85) და კინომსახიობთა თეატრში (1985–93). მცირე ხნით ხელმძღვანელობდა სატირისა და იუმორის თეატრს. მარჯანიშვილის თეატრში შესრულებული როლებია: ელისაბედი („ასი წლის წინათ“, ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ და „მგზავრის წერილების“ მიხედვით), თავადი ვანო ფანტიაშვილი (რ. გაბრიაძის „სამოთხის ჩიტი“), ბერი მასხარა (მ. ჩიკამაცუ „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“) და სხვ. კინომსახიობთა თეატრში: ბურგომისტრი (ე. შვარცის „დრაკონი“). 1977-იდან იღებდნენ ფილმებში. მნიშვნელოვანი კინოროლები: კვაზიმოდო („კვაზიმოდო“, რეჟ-ები დ. ცინცაძე, ლ. ერისთავი, 1977), სანჩო პანსა („ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989). მონაწილეობდა საქართვ. და სსრკ სხვადასხვა სტუდიის ფილმებსა და ტელესერიალებში, შექმნა კოლორიტული სახეები: ფრენკ ჯექსონი („ბატონი ავანტიურისტები“, რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1985), გუგული („ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1990), კარო („თუ ქეიფობ – იქეიფე და თუ ისვრი – ისროლე...“, რეჟ-ები: მ. აშუმოვი, ზ. ბუაძე, 1990), მოშიაშვილი („პასპორტი“, რეჟ. გ. დანელია, 1991, „მოსფილმი“), მუხრანსკი („უძინართა მზე“, რეჟ. თ. ბაბლუანი, 1992), ბაზრის მოვაჭრე („რიჩარდის, მილორდისა და მშვენიერი ფასკუნჯის ამბავი“, რეჟ. ნ. ახვლედიანი, 1997, „ლენფილმი“), ბერკოვიჩი, ინტერპოლის აგენტი („რა თქვა მიცვალებულმა?“, რეჟ. ი. მასლენიკოვი, 1999, სტუდია „პელიკანი“, რუსეთი). მონაწილეობს ფილმებში: „ცოდვის დღესასწაული“ (რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1990), „მე ვარ პელეს ნათლია“ (რეჟ. მ. ჭიაურელი უმცრ., 1991), „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“ (რეჟ. ი. ჩაჩანიძე, 1993), „ბლუზი“ (რეჟ. გ. კაჭარავა, 1994) და სხვ. სარეჟისორო დებიუტია ფილმი „ზნედაცემული ანგელოზი“ (ლ. უზუნიანთან ერთად, 1992; შეასრულა მთ. როლი).
თ. კახიანი
მ. კერესელიძე