კიკეთი

კიკეთი, სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (მთაწმინდის რ-ნი). 2007-მდე შედიოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. კ. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრ.-აღმ. განშტოებაზე, მდ. ასურეთისხევის (ალგეთის მარცხ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 1200 მ.

კ. კლიმატური კურორტია. მიეკუთვნება თბილისის კურორტების ჯგუფს. იცის ზომიერად რბილი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –2,5°C), თბილი და მშრალი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 15–18°C), საშ. წლ. ტენიანობა 70–75%; ნალექები 600–650 მმ წელიწადში, მზის ნათების ხანგრძლივობა 2000–2100 სთ. სამკურნალო ჩვენებები: სასუნთქი ორგანოების დაავადებები.

კ. მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, კაბენის მონასტრის მახლობლად. კ-ში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი არქეოლ. ძეგლი – მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული პერიოდის სამაროვანი, რ-იც ადრინდ. ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.

ისტ. წყაროებში იხსენიება XVII ს-იდან, როგორც საბარათიანოს სოფელი. კ-იდან იყვნენ მარაბდის ომში დაღუპული ცხრა ძმა ხერხეულიძე.

კ. მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის შრომაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და დატანილია მის ისტ. რუკებზე.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.

ლიტ.: ლორთქიფანიძე ო., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I ნახევარში, თბ., 1935; ფხაკაძე გ., ქვემო ქართლის ენეოლითი (კიკეთის ენეოლითური ძეგლები), თბ., 1963.

თ. თოდრია