კიკეთის არქეოლოგიური ძეგლები

კიკეთის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი კოჯრიდან კიკეთისკენ მიმავალი გზის მარცხ. მხარეს. გაითხარა 1961 (გ. ფხაკაძე). მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლო მეოთხედი) სამაროვანი. ფართობი 1200 მ 2. აღმოჩნდა სამი ტიპის სამარხი. 1. ქვაყრილიანი ორმოსამარხები; 2. ქვაყრილიანი ქვის სამარხები; 3. მშრალი წყობით ნაგები ნალისებრი ფორმის სამარხები. ყველა სამარხი კოლექტიურია. მიცვალებულები ესვენა სხვადასხვა მდგომარეობაში: გვერდზე, ხელ-ფეხმოკეცილი, გულაღმა. ნებისმიერი იყო მათი დამხრობაც. ზოგი სამარხის კედლებთან მიცვალებულის ძვლები იყო მიხვეტილი.

იქვე გაითხარა ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნასახლარის ნაშთები, სამეურნეო ორმოები და კერები. აღმოჩნდა ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი თიხის ორყურა ქოთნები, პითოსები, კოპებიანი ჯამები, ცალყურა კოჭობები, ცილინდრული ფორმის ფიალები, სამყურა ჭურჭელი და სხვ. ქვის მასალიდან აღსანიშნავია ხელსაფქვავები, სანაყები, სალესები, კაჟის ნამგლის ჩასართები, ობსიდიანის საფხეკლები, ლამელები, აგრეთვე ძვლის კვირისტავები. საქართველოში მსგავსი მასალა აღმოჩენილია მრავალ ადგილას (დიდუბე, ოზნი, თამარისი, კოდა, სამშვილდე, თეთრიწყარო, გომარეთი და სხვ.).

1948 სოფლის ტერიტ-ზე გაითხარა (ბ. კუფტინი, ტ. ჩუბინიშვილი) ადრინდ. ანტ. ხანის (ძვ. წ. V ს.) 6 ქვაყუთი. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულები ესვენა თავით ჩრდ-კენ, ძლიერ მოკრუნჩხული, ქალები მარცხ. გვერდზე, მამაკაცები – მარჯვენაზე. აღმოჩნდა წითლად გამომწვარი და შეღებილი თიხის კოჭობები, ფიალები, ხელადები, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლები, ვერცხლისა და ბრინჯაოს გველისთავიანი სამაჯურები, ბრინჯაოს ზარაკები, რკინის დანები, შუბისპირი და სამაჯურები. აღსანიშნავია, რომ კიკეთის ანტ. ხანის სამაროვანი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ძეგლია, სადაც პირველად ჩნდება წითლად გამომწვარი კერამიკა.

ლიტ.: ფხაკაძე გ., ქვემო ქართლის ენეოლითი (კიკეთის ენეოლითური ძეგლები), თბ., 1963.

ი. გაგოშიძე

გ. ფხაკაძე