კიკნაველიძეები

კიკნაველიძეები

კიკნაველიძეები, ძმები: ყარამან (1878, სოფ. კიკნაველეთი, – 1918, იქვე), ნიკოლოზ (1883, სოფ. კიკნაველეთი – 1918, იქვე), შალვა (1887, სოფ. კიკნაველეთი, – 1918, იქვე), მანუელ (1889, სოფ. კიკნაველეთი, – 9. VII. 1916, სპარსეთი, დაკრძალულია სოფ. კიკნაველეთში) სიმონის ძენი. ხეტყის მრეწველები, ქველმოქმედნი. ქუთაისის სას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ყარამანმა ძმებთან ერთად გამოიგონა მარტივი კონსტრუქციის მექან. ხელსაბანი, რ-ითაც დაინტერესდნენ ქუთაისელი ცნობილი ვაჭრები – ნ. ჯანელიძე და მ. გოცირიძე. მათ ეს წამოწყება დააფინანსეს და მოსკოვის ერთ-ერთ ქ-ნას რამდენიმე ასეული ხელსაბანი შეუკვეთეს. აქედან რამდენიმე ცალი ოლდენბურგელმა პრინცმა კონსტანტინემ (1850–1906) ქ. გაგრის კანფეტების ფ-კისთვის შეიძინა. გარდა ამისა, კ-ს სხვა გამოგონებაც ჰქონდათ (მაგ., წყალსატუმბი). ქუთაისში, მდ. რიონის სანაპიროზე, ბალახვნის ქ-ზე მათ გამართეს წყალსატუმბი საწარმო. შემოსული თანხით სოფ. კიკნაველეთში (ახლანდ. სოფ. საკრაულა, ბაღდათის მუნიციპალიტეტი) შეიძინეს მიწის ნაკვეთი და სკოლა ააშენეს, სადაც სწავლა უფასო იყო. კ-მა აქტ. მონაწილეობა მიიღეს 1905 ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციურ მოვლენებში, რის გამოც იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ირანში, სადაც მუშაობა დაიწყეს „რუსეთ-სპარსეთის ხეტყის მრეწველობის ამხანაგობაში“ კომერციულ აგენტებად. ირანში იჯარით აიღეს ტყის დიდი მასივები და დაიწყეს ხის მასალის დამზადება თევზისა და ნავთობგადასამუშავებელი სარეწებისთვის. კ. მონაწილეობდნენ 1909 პარიზში ტყეების სამრეწვ. დამუშავების შესწავლისადმი მიძღვნილ მსოფლიო გამოფენაში. კ-ს სახლი და კანტორა ფერეიდანში, მაზანდარანის პროვინციაში, სოფ. გურჯიმალაში ჰქონდათ. უმცროსი ძმა – მანუელი, ფერეიდნელი ქართველების ქომაგი და მათი უფლებების დამცველი იყო, რის გამოც სპარსელების მიერ დაქირავებულმა ბოროტმოქმედებმა 1916 წ. 9 ივლისს მოკლეს. 1917 კ-მა ძმის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. 1917-იდან ძმები საქართველოში სამეწარმეო და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდნენ.

1917 წ. 8 ოქტომბერს ქართ. უნ-ტის დამაარსებელ საზ-ბას, რ-საც ივ. ჯავახიშვილი ედგა სათავეში, ყ. კიკნაველიძე მატერიალურად დაეხმარა. კ-მა თბილისის უნ-ტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტთა ქალაქის ასაშენებლად შეისყიდეს მიწის ნაკვეთი, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. მათ დიდი დახმარება აღმოუჩინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას, გაზ. „ალიონის“ რედაქციის შენობისათვის თბილისში შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მისი მშენებლობაც დააფინანსეს.

1918 წ. 13 თებერვალს ყარამან, ნიკოლოზ, შალვა კ. და მათი ოჯახის წევრები სოფ. კიკნაველეთში ყაჩაღთა შეიარაღებულმა თავდასხმამ იმსხვერპლა.

2005 თბილისში დარიალის შესახვევს ეწოდა ძმები კიკნაველიძეების ქუჩა.

ა. კიკნაველიძე