დორეულები

დორეულები, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), ერწოს ქვაბულის სამხრ.- აღმ. ნაწილში, მდ. აძეძის (ივრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 940 მ, თიანეთიდან 27 კმ. 83 მცხ. (2002).

სოფელი ძვ. საბუთებში წიაბეთად, ხოლო შემდეგ ჭუჭულიანთკარადაც იხსენიება. დ. მოსახლ. მიგრაციის შედეგად XIX ს. დასაწყისში შექმნილი ტოპონიმია. აქ ქსნის ხეობიდან გადმოსახლებულან დორეულები, ზამთარაშვილები, სისოშვილები და ზაზაშვილები. ქსნის ხეობიდან ერწო-თიანეთში მოსახლ. მიგრაცია XVII–XIX სს-ში მიმდინარეობდა. ნ. ბერძენიშვილის დაკვირვებით, „ქსნის ხეობის საგეოგრაფიო სახელები კახეთში მეორდება". სოფ. ქვემო ნაქალაქარზე მიბმული დ., ანუ ისტ. წიაბეთი, უძველესი დროიდანვე იყო დასახლებული. იგი ერწოს ქვაბულის იმ მჭიდროდ დასახლ. ტერიტორიას ეკუთვნოდა, სადაც წმ. ნინომ IV ს-ში ქრისტიანობა იქადაგა და ისტ. ჟალეთის მიმდებარე ეს მხარეც ერთ-ერთი პირველი მოექცა ქრისტეს რჯულზე. ამიტომაც ითვლებოდა აღნიშნული ტერიტორიები ადრინდ. შუა საუკუნეებიდანვე ქართ. ეკლესიის მიერ ხელდებულად. თავდაპირველად სოფ. წიაბეთი კახეთის სამთავროში შედიოდა. XI–XV სს-ში მასზე სვეტიცხოვლის მონასტრის გავლენა ვრცელდებოდა, რაც კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგაც (XVI–XVII სს.) არ უნდა შეცვლილიყო. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით დგას გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია ვანათის ხატი. იგი ძლიერ დაზიანებულია. XVII ს. დასაწყისში ერწოზე, მ. შ. წიაბეთზე (დ-ზე), დამანგრევლად იმოქმედა შაჰ-აბასის ლაშქრობებმა; სოფლის მოსახლ. ნაწილი გაწყდა, ნაწილი კი გადასახლდა. ამის შემდეგ იწყება სოფელში ქსნის ხეობელთა და სხვა ქართველ მთიელთა ჩამოსახლება.

XVII ს. მიწურულსა და XVIII ს. დასაწყისისათვის სოფ. წიაბეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩოლოყაშვილების გავლენის ქვეშ (როგორც მესაკუთრე თავადები) იყო მოქცეული. აქ მათ ყმა-მამული ჰქონიათ შესყიდული, თუმცა ამ დროს სოფელი კომლთა მოსახლეობის სიმრავლით არ გამოირჩეოდა. გვიანდ. შუა საუკ. სამხ.-ადმ. დაყოფით, სოფელი კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში შედიოდა, რუს. შემადგენლობაში შეყვანის (1801) შემდეგ კი – თიანეთის მაზრაში. სოფლის მოსახლ. თავიდანვე მისდევდა მესაქონლეობასა და მემინდვრეობას. ამჟამად დ-ში უფრო ცალკეული, მცირე ინდივიდ. მეურნეობებია.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8, თბ., 1975; იხ. აგრეთვე სტ-თან  დ ე ვ ე ნ ა ა ნ თ ხ ე ვ ი.

კ. კახაძე