კიკნაძე არჩილ გრიგოლის ძე (26. VIII. 1933, თბილისი, – 20. III. 2006, იქვე), ინჟინერ-გეოლოგი. საქართველოში ზღვის სანაპირო ზონის მორფოდინამიკის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. მეცნიერებათა ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (2001),საქართვ. საინჟინრო აკადემიის ნამდვ. წევრი (2000).საქართვ. დამს. გეოლოგი (1983), გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1994).
დაამთავრა სპი საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით (1956). 1961–78 მუშაობდა საქართვ. წყლის რესურსების სახელმწ. კომიტეტში, 1978–80 იყო საქართვ. ბუნების დაცვის სახელმწ. კომიტეტის თავ-რის მოადგილე. 1972–80 შეთავსებით მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის ზღვის ნაპირების დინამიკის ლაბორ. გამგედ.
კ-მ ვ. ზენკოვიჩთან ერთად შეიმუშავა საქართველოს საზღვრებში შავი ზღვის ნაპირის ეროზიისაგან დაცვისა და ადრე წარეცხილი პლაჟების აღდგენის ახალი სტრატეგია, რ-საც საფუძვლად დაედო სანაპირო ზონაში განვითარებული დინამ. პროცესების კომპლ. შესწავლა. კ-ის თაოსნობით აღნიშნული სტრატეგიის განსახორციელებლად შეიქმნა სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „საქზღვისნაპირდაცვა“, რ-საც 1980–92 და 1997–2000 წლებში კ. ხელმძღვანელობდა. ადრე წარეცხილი ზღვის ნაპირის გასწვრივ 1982–91 აღდგენილი პლაჟების საერთო ფართობმა 130 ჰა გადააჭარბა.
კ-ს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. საზღვარგარეთ, რ-ებშიც ძირითადად განხილულია საქართვ. შავი ზღვის სანაპირო ზონის მორფოდინამ. განვითარებისა და ზღვის ნაპირის წარეცხილი უბნების დაცვა-აღდგენის საკითხები.
სამეცნ. კვლევასთან ერთად კ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის კათედრაზე.
კ. იყო ფოთის საპატიო მოქალაქე (1987). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2003).
თხზ.: Основные мероприятия по защите берегов Черного моря между устьями рек Псоу и Чорохи, Тб., 1969; Защита Черноморского побережья от размыва моря, Тб., 1984 (თანაავტ.).
ჭ. ჯანელიძე