კოლხური ცული, გვიანდელი ბრინჯაოსა და რკინის ხანის (ძვ. წ. XV–VI სს.) კოლხური კულტურის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ბრინჯაოს იარაღი, რ-საც ექვსწახნაგა ტანი და წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი აქვს. კ. ც-ის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია მოცემული აქვთ რ. ვირხოვს, ე. შანტრს, პ. უვაროვას, ფ. ჰანჩარს, ო. ჯაფარიძეს, ე. კრუპნოვს, დ. ქორიძეს და ბ. ტეხოვს. კ. ც. უნივერს. იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად. გრაფ. დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. კ. ც-მა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ძვ. წ. II–I ათასწლ. მიჯნაზე იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და არსებითად არ შეცვლილა. კ. ც. გვხვდება სამარხებში (თლი, ყობანი, პალური, მუხურჩა, ყულანურხვა, ოჟორა), განძებში (ორდუ, ბიჭვინთა, ლიხნი, ოყურეში და სხვ.). სულ 100-ზე მეტი განძია. ნაწილი შემთხვევითაა აღმოჩენილი. ყველაზე ადრეული კ. ც-ის შემცველი განძებია ურეკის, პილენკოვოს, ბიჭვინთის, გაგრის, ერგესის, მახუნცეთისა და სხვ. ძვ. წ. IX ს. II ნახ-იდან ჩნდება გრაფ. დეკორით შემკული საომარი საკულტო კ. ც-ებიც. დეკორი პლასტ. ფორმასთან ორგანულადაა შერწყმული. სხვადასხვა ზომის წახნაგზე დეკორი სიმეტრიულადაა განაწილებული და ერთ მთლიან კომპოზიციად აღიქმება. ცულზე გამოსახულია ირემი, ცხენი, ძაღლი, გველი, თევზი, ბაყაყი, ფრინველი, სვასტიკა, ჯვარი, ვარსკვლავი და სხვ. ყუის თავზე ზოგჯერ მოთავსებულია სკულპტურული გამოსახულება. კ. ც-ის გრაფ. დეკორში ასახულია უძველესი ქართ. რელიგ. და მითოლ. წარმოდგენები.
გრავირებული კ. ც-ები (ძვ. წ. IX ს.) ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად აღმოჩნდა 1869 ყობანში (ჩრდ. ოსეთი). აღმოჩენის ადგილის მიხედვით ეწოდა ყობანური ცულიკო, ხოლო შესაბამის კულტურას – ყობანური კულტურა. შემდეგ წლებში დას. და აღმ. საქართვ. ტერიტორიაზე მიკვლეულია კ. ც-ის ყველა ფორმა (ძვ. წ. XV–VI სს.), მ. შ. ყობანში აღმოჩენილი ცულის ვარიანტიც. აღსანიშნავია, რომ კ. ც-ის ჩამოსასხმელი ყალიბები მხოლოდ საქართვ. ტერიტორიაზეა აღმოჩენილი (თაგილონის განძი, თელოვნის განძი). XX ს. 30-იან წლებში მას კ. ც. უწოდეს. დაადგინეს (ბ. კუფტინი, ო. ჯაფარიძე, დ. ქორიძე, თ. მიქელაძე), რომ ამ ცულების სამშობლო კოლხეთია.
ლიტ.: მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II–I ათასწლეულები), თბ., 1974; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე, 1950, ტ. 16В; Куфтин Б. А., К вопросу о древнейших корнях грузинской культуры на Кавказе по данным археологии, იქვე, 1944, t. 12В; Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971.
ლ. ფანცხავა