კოლხური ხოხობი (Phasianus colchicus; Phasis – ფაზისი, მდ. რიონის ძვ. სახელწოდება), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მამლის მასა 1600 გ აღწევს, დედლისა – 800 გ. აქვს კარგად განვითარებული ფეხები, მოკლე მომრგვალებული ფრთები, გრძელი ბოლო (განსაკუთრებით მამალს). მამალს გალოზე დეზები აქვს და გამოირჩევა ძალიან ლამაზი მკვეთრი შეფერილობით. აღწერილია კ. ხ-ის მრავალი ქვესახეობა. გავრცელებულია უთოვლო ან მცირეთოვლიან და პალეარქტიკის სამხრ. ნაწილის რბილკლიმატიან ზოლში. აკლიმატიზებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ გავრცელებული ყოფილა კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. ბევრგან კვლავ ინტენსიურად მრავლდება. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეულობით მდიდარ წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზ. დ. 850 მ-მდე. ბუდეს იკეთებს მიწის პატარა ჩაღრმავებაში ხმელი ფოთლებითა და ბალახით. დებს 8–12, ზოგჯერ – 18 კვერცხს. ბუდეზე ზის მხოლოდ დედალი. ცუდად ფრენს. საშიშროების შემთხვევაში გარბის. იკვებება ძირითადად მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით, ნაყოფით, ვეგეტატიური ნაწილებით, აგრეთვე მწერებით.
მ. კუტუბიძე