კოლხური ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბუჩქი ან ტანდაბალი (5 მ-მდე) ხე ჯონჯოლისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი, სამ ან ხუთფოთოლაკიანი ფოთლები. გავრცელებულია ბალკანეთსა და მცირე აზიაში. საქართველოში ძირითადად კოლხეთში იზრდება. გვხვდება აგრეთვე ბანისხევში (ბორჯომთან). იზრდება ზ. დ. 700–800 მ-მდე, ტყის პირებზე, წაბლნარებსა და მუხნარებში ქვეტყედ. ზოგჯერ კულტივირებულია ბოტანიკურ ბაღებში (მაგ., თბილ. ბოტანიკურ ბაღში). ყვავილობს მაისში, მსხმოიარობს ივლისში. კ. ჯ-ის გაუშლელ ყვავილებს ამწნილებენ.