კომაროვის სფინქსი

კომაროვის სფინქსი

კომაროვის სფინქსი (Rethera komarovi, Christoph, 1885), პეპელა სფინქსების (Sphingidae) ოჯახიდან. იშვიათი, შემცირებადი სახეობაა.

მსხვილი პეპელაა. წინა ხავერდისებრი ფრთების სიგრძეა 35–40 მმ. ფერი – მწვანე. შუაში აქვს გარდიგარდმო გადაჭიმული მოთეთრო ან კრემისფერი ზოლი და ასეთივე ფერის ცენტრ. წერტილი. ფრთის გარეთა კიდე მთავრდება მოიისფრო-მორუხო ბრტყელი სარტყლით. უკანა ფრთები წითურია და გარეთა კიდეზე მუქი-მწვანე ზოლი შეინიშნება. სხეული ხორციანია და შებუსვილი, ფერით – მუქი მწვანე; მოხატულია მოთეთრო ან კრემისფერი ზოლებით. პეპლის ფრთები და სხეული ქვედა მხრიდან ვარდისფერია. მშრალი ჰავის მოყვარული სახეობაა.

კ. ს. გავრცელებულია ბალკანეთის ტერიტორიაზე, თურქეთში, ირანში, ერაყში, ავღანეთში. ბინადრობს თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და სამხრ. კავკასიაში (გვხვდება კ. ს-ის ადგილ. ქვესახეობა Rethera komarovi rjabovi O. Bang– Haas, 1935), კ. ს. ირანულ-ავღანური წარმოშობის ამ გვარის ერთადერთი წარმომადგენელია კავკასიაში.

ფრაგმენტულად გვხვდება საქართველოს სამხრ.-აღმ. ნაწილში, მთასა და მთისწინეთის მშრალი ხეობების ქვა-ღორღიან ფერდობებზე. სახეობის რიცხოვნობა ამჟამად ძლიერ შეზღუდულია.

კ. ს. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ფრენს შუაღამის შემდეგ, მთებში – კიდევ უფრო გვიან. მატლი ცხოვრობს რძიანაზე (Euphorbia), იჭუპრებს ნიადაგში და იქვე იზამთრებს.

საქართველო ამ სახეობის გავრცელების უკიდურესი ჩრდილოეთია, რაც თავისთავად განსაზღვრავს მის სიმცირეს ქვეყანაში, მაგრამ არანაკლებ ძლიერია ანთროპოგენული ფაქტორის უარყოფითი ზეგავლენა (ტიპური ბიოტოპების მოშლა სხვადასხვა მიზნით ტერიტორიის გამოყენებისათვის, საქონლის გადაჭარბებული ძოვება და ა. შ.), რასაც თან სდევს ისედაც მცირერიცხოვანი და ლოკალური პოპულაციების ზოგჯერ სრული განადგურება.

2006-იდან სახეობა შეტანილია საქართვ. „წითელ ნუსხაში“.

ლიტ.: დიდმანიძე ე., საქართველოს პეპლები. ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობები (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2005; Дидманидзе Э. А., Чешуекрылые аридных ландшафтов Грузии (Lepidoptera, Heterocera), Тб., 1978; Didmanidze E., Georgian Biodiversity Country Study Report., Tb., 1996; Romanoff M. N., Memoires sur les Lepidopteres, vol. 1–3, St.-Petersbourg, 1884–87.

ე. დიდმანიძე