კომბოსტო (ლათ. Brassica), მცენარის გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა (ახლანდ. კლასიფიკაციით –BBrassicaceae-ს ოჯახი). მიეკუთვნება ერთ-, ორ-, ან მრავალწლოვან მცენარეთა ჯგუფს. აქვს თითისტარისებრი ფესვი, სწორი ან ნახევრად წამოწეული დატოტვილი ღერო, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, ღერო და ფოთოლი შიშველი ან შებუსულია, ყვავილები – მტევნებად ან ფარებად შეკრებილი, გვირგვინის ფურცლები ყვითელია; თესლი – სფეროსებრი; ფერად მუქი მურა, მომიხაკისფრო, მოწითალო-მურა ან ყვითელია. კ-ს გვარში 100-ზე მეტი სახეობაა. სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი. ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში. კულტ. სახეობებია: ბოსტნისა და საკვები კ., მიწამხალა, რაფსი, თალგამი, შალგი, მდოგვი და სხვ. ბოსტნისა და საკვები კ-ს ჯგუფში შედის ბოსტნის კ., ჩინური კ., პეკინური კ. კ-ს ყველა სახეობა, ყვავილოვანი და პეკინური კ-ს გარდა, ორწლიანი მცენარეა.
კ-ს იყენებენ ნედლად, ხარშავენ, შუშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, აშრობენ, ყინავენ და სხვ. იგი შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს (C, B ჯგუფის და სხვ.). აქვს დიეტური და სამკურნ. თვისებები. კ. სსრკ-ში გვხვდბოდა ყველგან. სამეურნეო მნიშვნელობით გამოირჩეოდა თავიანი კ., რ-იც წარმოდგენილი იყო შემდეგი ჯიშებით. პირველი ნომერი, ოქროს ჰექტარი, ბელორუსული 455 და სხვ.
საქართველოში გავრცელებულია ხარისგულა, ღანირული ხარისგულა, დარუბანდული ადგილობრივი, გორული ბრაუნშვაიგი, ქართული (მესხური) ბერბუკულა და სხვ. საყუათო ნივთიერებების შემცველობით და საგემოვნო თვისებების მხრივ განსაკუთრებით მდიდარია ყვავილოვანი კ. მისი ჯიშებია: მოსკოვური საკონსერვო, სნეჟინკა, ადრეული, სამამულო და სხვ. კოლრაბის (ბოსტნის კ-ს სახესხვაობა) თალგამისებრად გამსხვილებულ ღეროს იყენებენ ნედლად, შემწვარს და მოშუშულს. მისი მსგავსია საქართველოში გავრცელებული კეჟერა კ., რ-იც მრავალნაირი ფორმით გვხვდება, განსაკუთრებით ქვეყნის სუბტროპიკულ ზონაში. ფოთლოვან კ-ს იყენებენ საკვებად და დეკორ. მცენარედ. იგი ზ. დ. 1800–2000 მ სიმაღლემდე ხარობს. ტენისა და სიგრილის მოყვარულია, გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. საქართველოს დაბლობში შემოდგომაზე დარგული კ. ადრეულ მოსავალს იძლევა.
ხანმოკლე დროით დაუზიანებლად იტანს 15°C და უფრო დაბალ ტემპერატურასაც. ადვილად ხარობს ნოყიერ და კარგად დამუშავებულ ნიადაგზე. სახეობებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია თეთრთავიანი კ. სამომხმარებლო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ყვავილოვან კ-სა და ბროკოლზე. ამჟამად საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოდის კ-ს შემდეგი ჰეტეროზისული ჰიბრიდები: თეთრთავიანი კ. [ჯეტოდორი (F1), მირორი (F1), რეაქტორი (F1), სოკრატესი (F1), ნოვატორი (F1), ზენონი (F1), კარმა (F1), სელმა (F1) და სხვ]; ყვავილოვანი კ. [ნაუტილუსი (F1), ბრიუსი (F1), ამერიგო (F1), კადილაკი (F1) და სხვ.], ბროკოლი [სამურაი (F1), არკადია (F1), მონოპოლი (F1), მონაკო (F1) და სხვ.], პეკინის კ. [სპრინსკინი (F1), სუპრინი (F1), ჯანინი (F1) და სხვ.].
კ-ს ჩითილით მოყვანა ყველაზე გავრცელებული წესია. ჩითილი გამოჰყავთ კვალსათბურში, ცივ და თბილ საჩითილეებში, ღია გრუნტზე.
კ-ს დაავადებებია: კ-ს შავფეხა, ალტერნარიოზი, ჭრაქი, ნაცრისფერი და თეთრი სიდამპლე.
ლიტ.: კვაჭაძე გ., მებოსტნეობა, თბ., 1965; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ვ., მებოსტნეობა, თბ., 2016.
გ. კვაჭაძე
ვ. ჯაფარიძე