კომედია

კომედია (ბერძნ. kōmōdia

კ-ის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებობდა მისი ორი ძირითადი სახის – ხასიათისა და მდგომარეობის – ურთიერთმონაცვლეობაცა და თანაარსებობაც, თუმცა გარკვეული მკაცრი ზღვარი ამ ორ ძირითად ფორმას შორის არ არსებობს.

კ-ის წარმოშობა უკავშირდება ღვინისა და მხიარულების ღმერთის – დიონისეს სადიდებლად გამართულ სადღესასწაულო წარმოდგენებს. ამ ჟანრის მთავარ ამოცანად არისტოფანე (კ-ის პირველი ბერძნული კლასიკური ნიმუშების ავტორი) „სიცილის აღძვრას“ მიიჩნევდა, თუმცა, მისივე აზრით, სასაცილო არ უნდა იყოს ნაჩვენები სერიოზულის გარეშე. საგულისხმოა, რომ ი. ჭავჭავაძის შეხედულებით კ. ისეთი დრამ. ნაწარმოებია, რ-იც ესთეტ. სიამოვნებას აღძრავს სიცილის მეშვეობით. არსებობს „ხასიათისა“ და „ჩვეულებათა“ კ-ები. კ. ყოველთვის იყენებდა მარტივ სასაუბრო ენას, რაც გასაგები და იოლად აღსაქმელია საზ-ბის ნებისმიერი ფენისათვის.

XIX ს. 40-იანი წლებიდან საქართველოში გაჩნდა საზ-ბის ახალი ფენა (ვაჭრები და მევახშეები), რ-მაც გავლენა იქონია საზ. ურთიერთობებსა და ყოფა-ცხოვრებაზე. ქართ. ლიტ-რაშიც მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა – რომანტ. ჟანრებს (ლირიკა, პოეტური ეპოსი) ჩაენაცვლა თანამედროვეობის საჭირბოროტო პრობლემების ამსახველი ჟანრები, მ. შ. ყოფითი კ. 40-იანი წლების კ-ებში (ო. წერეთლის, გ. ავალიშვილის, ა. თუმანიშვილის და სხვათა პიესები) უპირატესობა მიენიჭა გარეგან კომიკურ ეფექტს. 50-იან წლებში გ. ერისთავმა დააარსა ქართ. პროფ. თეატრი და მანვე დაუდო სათავე ორიგინ. ქართ. კ-ს, რ-იც ქართ. დრამატურგიის წამყვან ჟანრად იქცა. აღსანიშნავია მისი კ-ები: „გაყრა“, „დავა“, „ძუნწი“; აგრეთვე ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“, „მე მინდა კნეინა გავხდე“, „ქმარი ხუთი ცოლისა“. გ. ერისთავის კ-ებმა ხელი შეუწყო ამ ჟანრის შემდგომ განვითარებას; შეიქმნა ა. ცაგარლის კომედიები: „ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

XIX ს. 80-იანი წლებიდან კ-ების ერთ ნაწილში შესუსტდა (ფრანგული კომედიოგრაფიის გავლენით) მამხილებელი პათოსი და კ-მ წმინდა გასართობი ხასიათი მიიღო. ამ პერიოდში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ვოდევილმა (რ. ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, მ. ჯაფარიძის „ეჭვიანი ქმრები“, ა. მეიფარიანის „ქმრები გავაბათ მახეში“, ი. კერესელიძის „მკითხაობა ტფილისში“, დ. კასრაძის „იმერლების ახალი წელი“ და სხვ.).

XX ს. დასაწყისში, ზოგადად, ქართ. დრამატურგია ერთგვარ ჩიხში მოექცა. დრამატურგებმა ახ. ისტ. პროცესებს ალღო ვერ აუღეს და ხელახლა ამუშავებდნენ ძვ. თემებს, ინტენსიურად თარგმნიდნენ დას. ევრ. დრამატურგთა ნაწარმოებებს. ამიტომ კ-მ შეანელა განვითარების ტემპი. შემდეგ გაიზარდა ინტერესი საზ. და სოც. პროცესების მიმართ.

ქართ. კომედიური ჟანრის თვალსაჩინო წარმომადგენელია დ. კლდიაშვილი, მისთვის დამახასიათებელი ტრაგიკულისა და კომიკურის მონაცვლეობით, იშვიათად – მძაფრი, დაუნდობელი სატირით („დარისპანის გასაჭირი“, „ბაკულას ღორები“). 20-იან წლებში შეიქმნა ახ. კ-ის პირველი სერიოზული ნიმუში – შ. დადიანის „კაკალ გულში“. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისივე კომედიები: „შენი ჭირიმე“ და „გუშინდელნი“, რ-ებშიც მთავარი თემა, ძირითადად, სოც. და ყოფითი პრობლემების ასახვას, მათ უტრირებასა და გროტესკისა თუ სარკაზმის გამოყენებით მხილებას უკავშირდებოდა. თანდათან გამოიკვეთა სატირული ნაკადის ახ. ხაზი, რ-იც განვითარების უმაღლეს საფეხურზე აიყვანა პ. კაკაბაძემ. მისი კომედიები: „ყვარყვარე თუთაბერი“, „კოლმეურნის ქორწინება“, „დავით VIII“ (ანუ „კახაბერის ხმალი“) ქართ. კ-ის მნიშვნელოვანი შენაძენია.

XX ს. შუა წლებში დრამატურგიაში უპირატესობა რეალისტური და ჰეროიკული ხასიათის პიესებს მიენიჭა, თუმცა ამავე წლებში კ. ინტენსიურად ვითარდებოდა. შეიქმნა კომედიური პიესები: კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“, „მკაცრი ქალიშვილები“, „ოქრო კაცი ბეწვის ხიდზე“, მ. ბარათაშვილის „მარინე“ („ჭრიჭინა“), გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“, რ. თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“; ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ და სხვ. ჭარბადაა გამოყენებული პირობით-გროტესკული ხერხები გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქაში“.

80–90-იან წლებში შეიქმნა საკმაოდ საინტერესო პიესები: თ. ჭილაძის „ნახვის დღე“, რ-იც სავსეა გროტესკული სახეებით, შეიცავს ფანტასტიკის ელემენტებსაც და აშკარაა კომიკური ხასიათის კონფლიქტი; რ. მიშველაძის კომედიური პიესა „გაღმა-გამოღმა“, რ. კლდიაშვილის „საპოვნელა“, „იადონას თეატრი“, შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი“ და სხვ.

XX ს. ბოლოს ქართ. მწერლობაში ჩნდება დრამატურგთა ახ. თაობა, რ-იც კომედიურ ჟანრს რამდენადმე განსხვავებული რაკურსით წარმოადგენს. აქტუალური ხდება კომედია-სატირა, რ-ითაც პიესებში თანამედროვე ყოფა პაროდიული ხერხებით აისახება. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ი. სამსონაძის პიესები („ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის“, „აფრინდა ჭილყვავი, გადაიყრანტალა“, „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“, „დაბოლილი მთვარე“ და სხვ.). მათში ჩნდება აბსურდის, როგორც მიმდინარეობის, ერთგვარი გავლენა, რაც კიდევ უფრო თვალნათელი ხდება შემდეგი თაობის დრამატურგთა შემოქმედებაში. ლ. ბუღაძის, ბ. ჯანიკაშვილის, უფრო მოგვიანებით კი დ. გაბუნიას პიესები ავლენენ ერთგვარი აბსურდული კ-ის ნიშნებს. ლ. ბუღაძის პიესები („გაკვირვებული ტატიანა“, „სამი დაცემინების ამბავი“, „გოგის უხერხულობის ამბავი“, „მსოფლიოს უკანასკნელი ბებია“ „ნაფტალინი“და სხვ.) თითქმის აბსურდულ სიტუაციებზეა აგებული.

ბოლო ათწლეულში შექმნილი კომედიური ჟანრის პიესებიდან გამორჩეულია ბ. ჯანიკაშვილის „სულიკო“, დ. ტურაშვილის „შავი კედები“, ნ. მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, დ. გაბუნიას „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“, „ლავინიას ყურები“, „თურქი ბიჭის, სეფიდენ ნესინის ცხოვრება და აღსასრული“, „ბეჩავი“ და სხვ. ეს ავტორები გარკვეულ ფონს ქმნიან თანამედროვე ქართ. კ-ის განვითარებაში.

ლიტ.: აბრამიშვილი მ., ძველი ქართული თეატრი, ქუთ., 1925; გაჩეჩილაძე ა., ნარკვევები XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან, [ნაწ.] 1–2, თბ., 1957–63; იოვაშვილი დ., ქართული კომედიის წარსული და აწმყო, თბ., 1978; ლომიძე გ., კომედიის ჟანრობრივი თავისებურებების პრობლემა, თბ., 1969; მჭედლიშვილი ს., კომედია დრამატურგიაში, თბ., 1998; ციციშვილი გ., ქართული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. I, თბ., 1962.

გ. გულიაშვილი

გ. ლომიძე