კომენსკი იან ამოს (28. III. 1592, ნივნიცე, ‒ 15. XI. 1670, ამსტერდამი), ჩეხი მოაზროვნე, ჰუმანისტი, პედაგოგი. „ჩეხ ძმათა“ პროტესტანტული სექტის (იან ჰუსის დემოკრ. იდეათა მემკვიდრე) წევრი. უმაღლესი განათლება მიიღო ჰერბორნის აკადემიასა და ჰაიდელბერგის უნ-ტებში. კათოლ. ეკლესიის მიერ სამშობლოდან დევნილი 40 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ევრ. სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ეწეოდა პედ. და საზ. მოღვაწეობას.
კ-მ პირველმა შექმნა დიდაქტიკის სისტემა და იღვწოდა სწავლების პროცესის სრულყოფისათვის, ამ მიზანს ემსახურებოდა მისივე ჩამოყალიბებული სწავლების პრინციპები (შეგნებულობა, თვალსაჩინოება, ცოდნის თანდათანობით სრულყოფილად დაუფლება). იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თვალსაჩინოებას, მოსწავლეთა მიერ მოვლენათა ურთიერთკავშირის გაცნობიერებას და გმობდა გაუაზრებელ დაზუთხვას.
კ-მ წარმოადგინა ერთიანი სკოლის სტრუქტურა, რითაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიო პედაგოგიკისა და სასკოლო პრაქტ. განვითარებაზე; მრავალი მისი დიდაქტიკური მოსაზრება შესულია სწავლებისა და განათლების თანამედროვე თეორიაში. საქართველოში კ-ის სახელობის იყო თბილ. 24-ე საშ. სკოლა.
ლიტ.: ლორთქიფანიძე დ., იან ამოს კომენსკი, თბ., 1970 (M., 1970; Praha, 1972).