კომერციული ბანკი

კომერციული ბანკი, საკრედიტო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საბანკო ოპერაციებს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის. საბანკო ოპერაციებს მიეკუთვნება საანგარიშსწორებო, საგადახდო ოპერაციები, ანაბრების მოზიდვა, სესხების გაცემა, ოპერაციები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, საშუამავლო ოპერაციები. კ. ბ. წარმოადგენს საბანკო სისტემის მეორე დონეს (პირველი დონე – ცენტრ. ბანკი, იგივე ეროვნული ბანკი). კ. ბ-ის, როგორც ფინანს. შუამავლი, მთავარი დანიშნულებაა თავისუფალი ფულადი სახსრების მოზიდვა და მათი განთავსება საკუთარი სახელით ფასიანობის, ვადიანობისა და დაბრუნებადობის პირობით. კ. ბ. აკუმულირებულ ფულად სახსრებს ანაწილებს ქვეყნის რეგიონებსა და ეკონომიკის სექტორებს შორის, რაც ხელს უწყობს ეკონ. ზრდას. დასახელება „კომერციული“ ნიშნავს, რომ ბანკის საქმიანობის მთავარი მიზანია მოგების მიღება. კ. ბ-ის ძირითადი შემოსავლებია: საბანკო მარჟა, (სხვაობა გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებსა და მიღებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის) და საკომისიო გაწეული მომსახურებისათვის.

კ. ბ., როგორც წესი, უნივერსალურია – იგი ახორციელებს ყველა სახის საბანკო მომსახურებას, რ-საც მიეკუთვნება იურიდ. და ფიზ. პირების დაკრედიტება, სავალუტო ოპერაციები, ოპერაციები ძვირფასი ლითონებით, ოპერაციები საფონდო და სავალუტო ბირჟებზე, ეკონომიკის სუბიექტების ანგარიშსწორებების განხორციელება, იპოთეკური დაკრედიტება და სხვ.

კ. ბ-ისაგან განსხვავებით არსებობს ბანკები, რ-ებიც სპეციალიზებული არიან ცალკეულ საბანკო მომსახურებაზე. ასეთებია: საინვესტიციო, იპოთეკური, შემნახველი, სავაჭრო, საკლირინგო ბანკები და სხვ.

საქართველოში ყველა კერძო ბანკი კომერციულია და საქართვ. ეროვნ. ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდ. პირია, რ-იც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით (თავისი სახელით) ახორციელებს საქართვ. კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას. კ. ბ-ის სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზ-ბა. მისი მართვა და საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართვ. კანონმდებლობისა და საბანკო სექტორის ზედამხედველობით საქართვ. ეროვნ. ბანკის ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. საქართვ. ეროვნ. ბანკის მიერ კ. ბ-ების ზედამხედველობა მოიცავს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. საქართვ. კ. ბ-ისათვის ნებადართულია შემდეგი სახის საქმიანობა: დეპოზიტების მოზიდვა, სესხების გაცემა, ფულადი საბუთების ყიდვა-გაყიდვა, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, გადახდის საშუალებების გამოშვება და მიმოქცევაში გაშვება, საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე და სხვ.

ლიტ.: საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, თბ., 1996; საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, თბ., 2009.

ლ. ელიავა