კომიტეტი საპარლამენტო, საპარლამენტო კომიტეტი, რომლის მეშვეობით საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების კონტროლს. კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები და უფლებამოსილებები, აგრეთვე მისი მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კომიტეტის დებულებით. კ. ს. თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და პარლამენტის სხდომაზე განსახილველად ამზადებს საკანონმდებლო აქტებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს, მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების განხილვაში, აკონტროლებს საკანონმდებლო აქტების შესრულებას, აანალიზებს სასამართლო პრაქტიკასა და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად იღებს შესაბამის ზომებს.
პარლამენტის სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს კომიტეტის არანაკლებ 2 სხდომა, კ-ის სხდომები საჯაროა და გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. კომიტეტის სხდომა შეიძლება დაიხუროს, მაგრამ მისი დახურვა დაუშვებელია კანონპროექტის განხილვის დროს. სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე დასწრება შეუძლიათ პარლამენტის წევრებს, რ-ებიც არ შედიან მის შემადგენლობაში, აგრეთვე საქართვ. მთავრობის წევრებს და მოწვეულ პირებს. კომიტეტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
დღეისათვის პარლამენტში 16 კომიტეტია. მათი რიცხვი ან დასახელება შეიძლება შეიცვალოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით.
პარლამენტარი ვალდებულია იყოს არაუმეტეს ორი რომელიმე კომიტეტის წევრი; კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება 10 კაცით. კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე, პირველი მოადგილე და მოადგილეები. კ. ს-ს თავმჯდომარეები შედიან პარლამენტის ბიუროს – პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისთვის შექმნილი ორგანოს შემადგენლობაში.
წყარო: საქართველოს 24.08.1995 წ. კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის 06.12.2018 წ. რეგლამენტი.
ი. უჯმაჯურიძე