კომპოზიცია საჭადრაკო (composition – შედგენა, შეერთება), საჭადრაკო ხელოვნების დარგი, რომლის დანიშნულებაა ხელოვნურად შექმნილი პოზიციების საშუალებით, მაქსიმალურად ეკონომიური ფორმით აჩვენოს საჭადრაკო კომბინაციებისა და იდეების სიღრმე და სილამაზე. კ. პრაქტიკული ჭადრაკის წიაღში წარმოიშვა.
არსებობს კ-ის ორი სახეობა: ეტიუდი და ამოცანა. ეტიუდი ხელოვნურად შექმნილი პოზიციაა, რ-შიც თეთრები იგებენ ან ყაიმს აღწევენ იმ პირობით, რომ ორივე მხარე აკეთებს საუკეთესო სვლებს. აუცილებელი პირობაა საწყისი პოზიციის ლეგიტიმურობა და მიზნის მისაღწევი სვლების ერთადერთობა. შინაარსის მიხედვით ეტიუდი ორგვარია: ანალიტიკური და მხატვრული (მნიშვნელობა ენიჭება კომბინაციის სილამაზეს და იდეის ორიგინალურობას). ამოცანაც ხელოვნურად შექმნილი პოზიციაა, რ-შიც თეთრები სვლების წინასწარ დადგენილი რაოდენობით აშამათებენ შავების მეფეს. არსებობს ორ-, სამ- და მრავალსვლიანი ამოცანები და ე. წ. ზღაპრული კ-ც. მ. შ. ყველაზე პოპულარულია თვითშამათისა და კოოპერაციული ამოცანები. თვითშამათის ამოცანებში თეთრები ერთადერთი სვლით აიძულებენ შავებს თეთრების მეფის დაშამათებას. კოოპერაციულ ამოცანებში პირველ სვლას აკეთებენ შავები და ისინი ეხმარებიან თეთრებს, რათა სვლების წინასწარ დადგენილი რაოდენობით დაშამათდეს შავების მეფე.
საქართველოში კ-ის ისტორია იწყება 1893-იდან. ამ წელს ფარმაციის მაგისტრმა ი. ტყეშელაშვილმა გამოაქვეყნა ორსვლიანი ამოცანა. საბჭოთა პერიოდში საჭადრაკო ამოცანების განვითარება ა. დობორჯგინიძის სახელთანაა დაკავშირებული. ამ მიმართულებით საერთაშ. და საკავშ. კონკურსებზე წარმატებით მონაწილეობდნენ ი. კრიხელი, ო. ტაბიძე, ვ. სავჩენკო, შ. სუხიტაშვილი, ჯ. მახათაძე, რ. თავარიანი, ი. შოსტი, ვ. დადიანიძე, გ. მოსიაშვილი, გ. კაკაბაძე და სხვები. მ. შ. ი. კრიხელი და ვ. სავჩენკო საბჭოთა კავშირის ჩემპიონები იყვნენ მრავალსვლიანი ამოცანების განყოფილებაში.
საქართველოში საეტიუდო ხელოვნების ფუძემდებელია გ. ნადარეიშვილი. სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონები იყვნენ გ. ნადარეიშვილი, დ. გურგენიძე (ორჯერ) და ვ. ნეიძე. კონკურსებში წარმატებით მონაწილეობდნენ ვ. კალანდაძე, ი. აკობია, ე. კვეზერელი და მ. გოგბერაშვილი.
1956 ფიდეში შეიქმნა კ-ის მუდმივმოქმედი კომისია. დაწესდა კ-ში საერთაშ. დიდოსტატის, საერთაშ. ოსტატისა და საერთაშ. არბიტრის წოდება.
საქართველოდან საერთაშ. დიდოსტატები გახდნენ: გ. ნადარეიშვილი (1980), ი. კრიხელი (1984) და დ. გურგენიძე (1990); საერთაშ. ოსტატები – ი. აკობია, ვ. კალანდაძე, გ. მოსიაშვილი და ვ. ნეიძე.1997-იდან იმართება მსოფლიო ჩემპიონატები. საჭადრაკო ეტიუდების შედგენაში დ. გურგენიძე ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ორჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
საქართველოში – თბილისსა (1975) და ბათუმში (2013) – გაიმართა საჭადრაკო კომპოზიტორთა მსოფლიო კონგრესი.
დ. გურგენიძე