კომუნიზმი

კომუნიზმი (ლათ. communis, – საერთო, საყოველთაო), სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკურ-იდეოლოგიური დოქტრინა და პოლიტიკური მოძრაობა, რ-იც აღიარებს საკუთრების საერთო მფლობელობის უპირატესობას კერძო საკუთრებასთან მიმართებით. ერთმანეთისაგან განასხვავებენ კ-ის სხვადასხვა ტიპს (ქრისტიანული, აგრარული, უტოპიური, ანარქისტული, მარქსისტული და სხვ.). კომუნისტური აზროვნების საწყისად ითვლება თომას მორის „უტოპია“ (1516). XVII ს. ინგლისში დიგერების სახელით ცნობილი პურიტანული რელიგიური ჯგუფი მოითხოვდა მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმებას. კერძო საკუთრების კრიტიკის იდეა გაგრძელდა XVIII ს-ში (ჟ.- ჟ. რუსო). მოგვიანებით, კ. ჩამოყალიბდა უტოპისტ სოციალისტთა პოლიტ. დოქტრინად (რ. ოუენი, შ. ფურიე, ს. სიმონი). ამის საპირისპიროდ კ. მარქსი, ფ. ენგელსთან ერთად, ავითარებს „მეცნიერული სოციალიზმის“ იდეას. იგი 1844 „ეკონომიკურ-ფილოსოფიურ ხელნაწერებში“ ცდილობს დაადგინოს კაპიტალიზმის, როგორც გადაგვარებული წყობის არსი, რ-იც საკუთრივ კერძო საკუთრების ფაქტიდან გამომდინარეობს. ამის საფუძველზე მან დაადგინა შრომითი გაუცხოების ფაქტი, რ-იც ადამიანის საკუთარ თავთან გაუცხოების აქტად გარდაისახება. საბოლოო ჯამში, მარქსი გამოყოფს გაუცხოების ოთხ ფორმას, კერძოდ, ადამიანის გაუცხოებას: 1. შრომის პროცესისგან; 2. მის მიერ ნაწარმოები პროდუქტისგან; 3. საკუთარი არსებისგან; 4. თავად ადამიანისგან. აქედან გამომდინარე, მარქსი აკეთებს დასკვნას კ-ის ჰუმანიტარულ ასპექტზე. მისი აზრით, კ. არის უარყოფის უარყოფის პოზიცია. ის აუცილებელია ადამიანთა ემანსიპაციის პროცესში ისტ. განვითარების უახლოესი ეტაპისთვის. კ. ბოლო საზ.-ეკონ. ფორმაციაა, რ-საც უნდა მოჰყვეს კერძო საკუთრების, როგორც ეკონ. ცხოვრების წესის, გაუქმება; ამდენად, კ. არის ადამიანური განვითარების საბოლოო მიზანი. მისი პოლიტ. დოქტრინა გადმოცემულია მარქსისა და ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ (1848).

საქართველოში კომუნისტური მოძრაობა რუსეთის იმპერიაში შემავალ ქვეყანათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. რუსეთს ამ მიმართულებით მრავალი თვალსაჩინო წარმომადგენელი ჰყავდა, რ-თა შორის დიდ როლს ასრულებდნენ ქართველი მოაზროვნეები, კერძოდ, სოც.-დემოკრატიის ორი ფრთა: ბოლშევიკები (ი. ჯუღაშვილი, ს. ორჯონიკიძე და სხვ.), მენშევიკები (ნ. ჟორდანია, ნ. რამიშვილი, კ. ჩხეიძე, ი. წერეთელი და სხვ.) და ანარქისტი კომუნისტები [ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი, შ. და გ. (კომანდო) გოგელიები და სხვ.]. 1917 ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, კომუნისტურმა მოძრაობამ რუსეთში (ლენინისა და სტალინის ხელმძღვანელობით) მძლავრი ტოტალიტარული სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რ-მაც სამოცდათერთმეტი წელი იარსება.

ლიტ.: ლენინი ვ. ი., სახელმწიფო და რევოლუცია. მარქსიზმის მოძღვრება სახელმწიფოზე და პროლეტარიატის მიზნები რევოლუციაში, თფ., 1918; მარქსი კ., კაპიტალი, ტ. 1, თბ., 1954; ტ. 3, თბ., 1959; მარქსი კ., და ენგელსი ფ., კომუნისტური პარტიის მანიფესტი, თბ., 1974; სტალინი ი., ანარქიზმი თუ სოციალიზმი? თბ., 1951; Marx K., Ökonomisch-philosophische Manuskripte (1844), Hamburg, 2005; Tcherkesoff W., Pages of Socialist History. Teachings and Acts of Social Democracy (1896), N. Y. 1902.

მ. გოგატიშვილი