ებანი

ებანი, უძველესი ქართული სამუსიკო საკრავი. ივ. ჯავახიშვილისა და გ. ჩხიკვაძის გამოკვლევებით, ე. ჯერ კიდევ წარმართული დროიდან მომდინარე სიმებიანი (ძალებიანი) საკრავი იყო. ს.-ს. ორბელიანის ცნობით, XVII ს-ში ე. დასარტყამ საკრავად მიაჩნდათ. სახელწ. „ე." პირველად „დაბადების" ქართ. რედაქციაში გვხვდება. ე-ის დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და სიმღერა-გალობის თანხლება იყო. ივ. ჯავახიშვილს ე., ჩანგი და ქნარი სინონიმებად მიაჩნდა. მისივე გამოკვლევით, ძვ. ქართ. ე-ს 6–13 (მეტწილად–6) სიმი ჰქონდა და ძირითადად ორ ბგერაზე იყო აწყობილი (სამ-სამი სიმი თითოეულზე), ტერმინი დაკავშირებულია „ბანთან", ე-სა და „ბანის" ბგერითი და სემანტიკური მსგავსება ივ. ჯავახიშვილს კანონზომიერად მიაჩნია, რამდენადაც „ბანი" ზოგადად, აკომპანემენტის, შებანების აღმნიშვნელია. იგივე ფუნქცია აკისრია „ე-საც". „ე." გარკვეულწილად უკავშირდება და ემსგავსება ძვ. ეგვიპტურ საკრავს – ტებუნის. ტერმინ „ე-ით" აღნიშნული საკრავის პროტოტიპი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში არსებობს (არფა), ხოლო საქართველოში ამ საკრავის საკმაოდ განვითარებული ფორმა არქეოლოგიური მასალით ცნობილია უკვე ძვ. წ. VI ს-ში (ყაზბეგის განძი, უფლისციხე). ე. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში XI–XIII სს. შემდეგ მისი გავრცელების ინტენსივობამ თანდათან იკლო და XIX ს. დასაწყისიდან საერთოდ გაქრა. ტერმინი ე. ხშირადაა მოხსენიებული ძვ. ლიტ. წყაროებში (რუსთაველი, შავთელი, ჩახრუხაძე, არსენ ბერი, ბასილი ეზოსმოძღვარი, დ. გურამიშვილი და სხვ.).

ლიტ.: შილაკაძე მ., მუსიკალური ტერმინი „ებანი", «ლოგოსი», II, თბ., 2004; ჩხიკვაძე გ., სამუსიკო საკრავი ებანი და მისი რაობა, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1955, ტ. 7; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.

ს. ჟორდანია

მ. შილაკაძე