კომში, ბია (Cydonia), მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობა −ჩვეულებრივი კ. (C. oblonga). კ. ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რ-ის სიმაღლე 1,5−5 მ აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მოტკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული. შეიცავს (%-ობით) 7,22−15,06 შაქარს, 0,24−1,26 ორგ. მჟავებს, 0,18−0,98 პექტინს და სხვ. ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით (C, E, B16 და სხვ.), პოლიფენოლებით (კატექინები და სხვ.), ფლავონიდებით, მინერ. ნივთიერებებით (K, Ca, Fe, Mg და სხვ.). კ. სითბოსა და სინათლის მოყვარული ყინვაგამძლე მცენარეა. ტენიან და ნოყიერ ნიადაგზე მაღალი ხარისხის მოსავალს იძლევა.
მსოფლიოში კ-ის სამშობლოდ მიჩნეულია სამხრ. კავკასია, თურქეთი, ჩრდ. ირანი და ცენტრ. აზია. მისი დომესტიკაციის პერიოდი ემთხვევა ძვ. წ. 4000−5000 წლებს. კულტივირებულია თითქმის ყველგან.
საქართველო კ-ის ერთ-ერთი სამშობლოა. მისი ველური ფორმები გვხვდება როგორც აღმ. (კახეთი, შიდა ქართლი), ისე დას. (რაჭა, იმერეთი) საქართველოს ტყეებში. ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიურად (მყნობით). კ. გამოიყენება როგორც თვით კ-ის, ასევე მსხლისა და ზღმარტლის საძირეებად, რ-თაგან ყველაზე ცნობილია ანჟერისა და პროვანსის კ-ის ფორმები: MA, BA−29, MC, Sydo და სხვ. საქართველოში ადგილ. წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია: ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვ. აქვე გავრცელებულია კ-ის არა მარტო ადგილ. სხვადასხვა ჯიში, ფორმა და სახესხვაობა, არამედ ინტროდუცირებული ჯიშებიც. კ-ის ნაყოფი გამოიყენება ნედლად და გადამუშავებული სახით. მისგან ამზადებენ მურაბას, ხილფაფას, კომპოტს, წვენს და სხვ. ნაყოფს იყენებენ კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, თესლისგან ამზადებენ ნაყენს და ნახარშს (ხელს უწყობს წყლულის შეხორცებას); ხმარობენ ხველისა და ანგინის საწინააღმდეგოდ, ასევე მხედველობის გასაუმჯობესებლად.
ლიტ.: შარაშენიძე დ., საქართველოს სხვადასხვა ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ პირობებში განვითარებული კომშის ჯიშების ნაყოფის ზოგიერთი ნიშნების შესწავლის შედეგები, თბ., 2000.
დ. შარაშენიძე
ზ. ბობოქაშვილი